Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ზე ტესტირება 80 თანამშრომელს ჩაუტარდა, დადებითია 3


ლევან გოფოძე
ლევან გოფოძე

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტირება 80 პაციენტს ჩაუტარდა, მათგან ინფიცირება დაუდასტურდა 3 მედპერსონალს.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა ჟურნალისტებს, ამ დროისათვის ინფიცირებული მედპერსონალის რაოდენობა კლინიკაში 9-მდე გაიზარდა.

ლევან გოფოძის თანახმად, NCDC მედპერსონალის ინფიცირების წყაროს დეტალურად იკვლევს, თუმცა ამ დროისთვის დასკვნა ჯერ არ არსებობს:

„ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ გვაქვს, თუმცა პირველადი, რაც გვითხრეს, ისე იძებნება კონტაქტები, რომ, სავარაუდოდ, ეს გარედან შემოსული ინფექციაა. კარგი არც ერთია და არც მეორე, მაგრამ თითქმის სამთვე-ნახევარი ისე გავიარეთ კლინიკამ, რომ 108 პაციენტი გვყავდა მაშინ უკვე კოვიდინფიცირებული და არც ერთი შემთხვევა მედპერსონალის დაინფიცირების არ გვქონია, რითაც ძალიან ვამაყობდით ხოლმე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მივიყვანეთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან გოფოძემ. მან გამორიცხა პერსონალის აღჭურვილობასთან დაკავშირებული პრობლემები და ასევე განაცხადა, რომ თანამშრომლები მაქსიმალურად იცავენ გაწერილ პროტოკოლს:

„გვქონდა შიში, რომ რადგან ბოლომდე ვიყავით გასული, ხომ არ მოეშვა მედპერსონალი, თუმცა ახლა, როცა ვიკვლევთ, აღმოჩნდა, რომ ისეთი წესის დარღვევა, რომელსაც შეეძლო შიდა აფეთქება გამოეწვია, არ ყოფილა. ჩვენი მედპერსონალი ყოველთვის ყველა დამცავი საშუალებით იყო უზრუნველყოფილი, ხანდახან ზედმეტადაც კი იცვამდნენ სკაფანდრებს იქ, სადაც არ იყო საჭირო“, - აღნიშნა ლევან გოფოძემ.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 14 ივნისის დილის მონაცემებით 13-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი.

ამ დროისათვის სულ დადასტურებულია ინფიცირების 864 შემთხვევა, აქედან აქტიურია 161 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 703, ხოლო გარდაცვლილი 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG