Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას თქმით, მთავრობა მუშაობს რომ არჩევნების გამო არ იყოს ვირუსის გავრცელების საფრთხე


საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან კახეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ილაპარაკა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. მისი შეფასებით, ეპიდემიის პირობებში არჩევნები სერიოზული გამოწვევაა.

„ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველოში წელს საარჩევნო წელია, სულ რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები, წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესი აგიტაციიდან დაწყებული შეჯიბრებითობა პარტიებს შორის, ამასაც თავისი მობილობა და ადამიანებთან შეხვედრა მოჰყვება. არჩევნებიც თვითონ ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როდესაც ადამიანები უბანში უნდა მივიდნენ და თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ. ჩვენ ამ მიმართულებითაც ახლა ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ აქ არანაირი საფრთხე ეპიდემიოლოგიური არ იყოს ან არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმიზირებული და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში“, - თქვა გახარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს. „თუ 21 ნოემბრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა ამ შემთხვევაში სასწორზე დგას ორი რამ, ერთი -ეპიდემიის გავრცელება და მეორე მხარეს - არჩევნების ჩატარების თარიღი“, - აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ 13 ივნისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG