Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბორტი და კონტრაცეფცია - „წყვილმა გადაწყვეტილება ერთად უნდა მიიღოს“


ქალებისა და კაცების უმრავლესობა იზიარებს, რომ კონტრაცეფციის ტიპზე გადაწყვეტილება წყვილმა ერთობლივად უნდა მიიღოს. თუმცა, მნიშვნელოვან რაოდენობას, ანუ ქალების მეოთხედზე და კაცების მესამედზე მეტს, მიაჩნია, რომ ფეხმძიმობის თავიდან არიდება მხოლოდ ქალის მოვალეობაა, - ვკითხულობთ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის ანგარიშში.

იმავე რაოდენობის ქალებმა და კაცებმა განაცხადეს, რომ მიუღებელია, თუკი ცოლი ქმარს პრეზერვატივის გამოყენებას მოსთხოვს.

კაცების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალს, რომელსაც პრეზერვატივი ექნებოდა, უწესო და „ადვილად ხელმისაწვდომად“ შეაფასებდა.

კონტრაცეფციასთან დაკავშირებით წყვილების საერთო გადაწყვეტილების მომხრე ქალების რაოდენობა 2013 წლიდან იგივე დარჩა, კაცების რაოდენობამ კი შედარებით იკლო. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 74 პროცენტი იყო, 2019 წელს კი 69 პროცენტამდე შემცირდა.

გამოკვლევით გაირკვა, რომ კაცების ჰიპერსექსუალობის შესახებ არსებულ შეხედულებას კაცები უფრო ემხრობიან.

ქალებზე, დაახლოებით, ოთხჯერ მეტი კაცი იზიარებს, რომ კაცს სექსუალური კონტაქტი სხვა ქალთანაც სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლესთან, ამ მხრივ, კარგი ურთიერთობა აქვს.

კაცების უმეტესობა ამბობს, რომ ორსულობის შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ და რომ პროცედურის ფინანსური მხარე საკუთარ თავზე აიღეს. კაცების იმ 12 პროცენტიდან, ვინც განაცხადა, რომ მათ პარტნიორებს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გამოცდილება ჰქონდათ (135 კაცი რესპონდენტიდან, დაახლოებით, ოთხიდან სამმა), აღნიშნეს, რომ ორსულობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ და პროცედურის ფინანსური მხარდაჭერაც მათ უზრუნველყვეს.

კაცების აბორტთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობის შესახებ ქალების განცხადებები, კაცების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ემთხვევა. ქალების 38 პროცენტი აცხადებს, რომ აქვთ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გამოცდილება.

მათი 63 პროცენტი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარტნიორებთან ერთად მიიღეს. იგივე განაცხადა კაცების 71-მა პროცენტმაც. ქალების 82-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ კლინიკაში აბორტის გასაკეთებლად მისულს პარტნიორიც ახლდა, რაც მხოლოდ კაცების 40-მა პროცენტმა დაადასტურა.

ათი რესპონდენტიდან, დაახლოებით, ექვსმა განაცხადა, რომ ორსულობის შეწყვეტა პარტნიორთან ერთად გადაწყვიტა. მთლიანობაში, გამოკითხულთა 60-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მას ან მის პარტნიორს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გამოცდილება ჰქონდა და რომ ეს ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა.

ქალებისა და კაცების პასუხების გაერთიანებით გამოვლინდა, რომ ორსულობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ქალების 31-მა და კაცების 5-მა პროცენტმა.

გენდერული წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების კვლევა 2019 წელს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. კვლევა ჩაატარა მოწინავე საერთაშორისო ორგანიზაციამ Promundo - რომელიც კაცებისა და ბიჭების ჩართულობით ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ძალადობის პრევენციას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, კაცებისა და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო კვლევის, IMAGES, მოდელზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ შინამეურნეობის კვლევას კაცებისა და ქალების დამოკიდებულებებისა და ქცევის შესახებ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის ირგვლივ. კვლევის მსვლელობისას გამოიკითხა 2,500 რესპონდენტი და ჩატარდა ფოკუს ჯგუფები საქართველოს ხუთ რეგიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG