Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკოს ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა მეხუთე პრეზიდენტის დაპატიმრებას მოითხოვს


პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადვოკატი, ილია ნოვიკოვი აცხადებს, რომ გენერალური პროკურატურა აპირებს იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა აღკვეთის სახით ყოფილ პრეზიდენტს შეუფარდონ პატიმრობა, რაც ადვოკატის თქმით, 18 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოხდება.

მიუხედავად იმისა, რომ პეტრო პოროშენკო მგლოვიარეა, მას 16 ივნისს მამა გარდაეცვალა, ნოვიკოვის თქმით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში აუცილებლად მივა.

10 ივნისს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ პეტრო პოროშენკო ეჭვმიტანილია თანამდებობით ბოროტად გამოყენებაში.

კერძოდ, გამოძების თანახმად, პრეზიდენტად ყოფნის დროს პოროშენკომ აიძულა საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ეგორ ბოჟკო, რომ გამოეცა უკანონო ბრძანება მის მოადგილედ სკანდალურად ცნობილი სერგეი სემოჩკოს დანიშვნის თაობაზე.

პროკურატურამ განაცხადა, რომ იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე, რომ აღკვეთის სახით პეტრო პოროშენკოს მიმართ გამოყენებულ იქნას პატიმრობა.

უკრაინაში სემოჩკოს გარშემო სკანდალი 2018 წლის შემოდგომაზე აგორდა, როდესაც უკრაინულმა მედიამ აღმოაჩინა, რომ საგარეო დაზვერვის უფროსის მოადგილე ხშირად ჩადიოდა ანექსირებულ ყირიმში და ფლობდა კიევში უკანონო უძრავ ქონებას. მოგვიანებით უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურმა დაადგინა, რომ სემოჩკოს ცოლსა და ქალიშვილს რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდათ.

პროკურატურა უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს ადანაშაულებს იმაში, რომ მან თანამდებობრივი დანაშაულისკენ უბიძგა საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილ უფროსს. პეტრო პოროშენკოს დაცვის მხარე ამ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ფარდას ახდის საქმეში არსებულ უამრავ პროცესუალურ დარღვევას.

ამჟამად პეტრო პოროშენკო პარტია "ევროპული სოლიდარობის" ლიდერი და ვერხოვნა რადას სახალხო დეპუტატია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG