Accessibility links

კორუფცია, დოპინგი, გადამდგარი პრეზიდენტი... - ძალოსნობის ოლიმპიური პერსპექტივა კანადელი იურისტის დასკვნაზე ჰკიდია


ძალოსნობის ოლიმპიური პერსპექტივა კანადელი იურისტის დასკვნაზე ჰკიდია.

„უმკაცრესი ზომების მიღების უფლებას ვიტოვებთ, მათ შორის ოლიმპიური თამაშებიდან ძალოსნობის ამოღებისაც“ - ასე გამოეხმაურა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თომას ბახი, საგამოძიებო ჯგუფის მიერ გავრცელებულ პირველ მოხსენებას ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საქმიანობაში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ.

გამოძიება კანადელი იურისტის, რიჩარდ მაკლარენის, ხელმძღვანელობით რამდენიმე თვის წინ დაიწყო და თომას ბახის მიერ ნახსენები პირველი მოხსენება მაკლარენის კომისიის შუალედური დასკვნაა, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა. ამ დასკვნის თანახმად, უკვე გამოვლინდა დოპინგსინჯებთან დაკავშირებული ათეულობით დარღვევა, რომლებსაც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ხელმძღვანელობა უწყობდა ხელს და ფაქტებს გულდასმით მალავდა. საგამოძიებო ჯგუფის მთავარი სამიზნე ტამაშ აიანია - 81 წლის უნგრელი, რომელიც ზუსტად ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში იყო IWF-ის მმართველი გუნდის წევრი, 2000 წლიდან კი ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მინიმუმ 2021 წლამდე უნდა შეენარჩუნებინა პოსტი, მაგრამ... COVID 19-ის პანდემიისას მოულოდნელად გადადგომის შესახებ გაავრცელა განცხადება.

ამჟამად ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ურსულა პაპანდრეა ასრულებს, ტამაშ აიანის ხელმძღვანელობის დროს დაფიქსირებული დარღვევების გამოძიება კი გრძელდება. უახლოეს მომავალში სხვა ყოფილ თუ ახლანდელ მაღალჩინოსნებსაც მოუწევთ მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა და, სავარაუდოდ, მძიმე სანქციებსაც უნდა ველოდოთ. სოკ-ის განცხადების თანახმად, კომისიის დასკვნას აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაგირება და IWF-ის წარმომადგენელთა ნაწილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების აკრედიტაციის გარეშე დარჩება. მოსალოდნელია სხვა სანქციებიც, ოღონდ კონკრეტული ჩინოვნიკების, თუ მთლიანად ძალოსნობის მიმართ, ეს ჯერ არავინ იცის.

წლეულს, იანვარში, გერმანული ტელეარხის, ARD-ის, ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს კორუფციასა და დოპინგის გამოყენების ფაქტების დამალვაში ადანაშაულებდა. ტამაშ აიანის საქმიანობით მალევე დაინტერესდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც. ვითარების შესასწავლად ცნობილი კანადელი იურისტის, რიჩარდ მაკლარენის, ხელმძღვანელობით დამოუკიდებელი კომისია შეიქმნა და გამოძიება დაიწყო.

IWF სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და... ტამაშ აიანმა გადაწყვიტა სამი თვით გადამდგარიყო, მოგვიანებით კი საბოლოოდ დატოვა პოსტი და, ასევე, უარი თქვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საპატიო წევრის სტატუსზე.

მაკლარენის კომისიის შუალედური დასკვნის თანახმად, აღმოჩენილია რამდენიმე ათეული დადებითი დოპინგსინჯის დამალვის ფაქტი აიანის პრეზიდენტობისას. ასევე, ირკვევა, რომ ფედერაციაში ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებებს, საპრეზიდენტო არჩევნებისას კი მოქმედებდა ხმების მოსყიდვის სისტემა.

„საიდუმლო ამბავი დოპინგზე - ბატონი ჰებერი"

წლეულს, იანვრის დასაწყისში, გერმანიის ტელეკომპანია ARD-მ მოამზადა და ეთერში გაუშვა დოკუმენტური ფილმი „საიდუმლო ამბავი დოპინგზე - ბატონი ჰებერი". მასში ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ არაკეთილსინდისიერად იმართება სპორტის ოლიმპიური სახეობა, ძალოსნობა, და რა უსამართლოდ კონტროლდება დოპინგის სფერო ამ კონკრეტულ სახეობაში. კრიტიკის მთავარი ობიექტი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობა და კონკრეტულად ტამაშ აიანია, თუმცა ორმოცდახუთწუთიან ფილმში ქართული ძალოსნობის ქომაგებისთვის გამორჩეულად საინტერესო სულ სხვა ეპიზოდია - დაახლოებით, ორწუთიანი მონაკვეთი, რომელიც ბათუმშია გადაღებული 2019 წელს გამართული ევროპის ჩემპიონატისას, რომელზეც მსოფლიო ძალოსნობის ქართველმა ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ, მსოფლიოს რეკორდები დაამყარა და მეოთხედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი.

ფილმის ავტორის, ჰაიო სეპელტის, განცხადებით, არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ლაშა ტალახაძეს 2015 და 2016 წლებში, მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელ ციკლში, არასაშეჯიბრო პერიოდის დოპინგტესტები არ ჩაუბარებია. შესაბამისად, ამ ფაქტორითაც იყო განპირობებული მისი ბრწყინვალე შედეგები.

მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის შეურაცხმყოფელ განცხადებას უმალ გამოეხმაურა საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია. რადიო თავისუფლებას ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ყიფშიძემ, უთხრა, რომ გერმანულ ფილმში გაჟღერებული ინფორმაცია ტყუილი იყო და ტალახაძეს არასაშეჯიბრო პერიოდში დოპინგსინჯი რამდენიმეჯერ ჰქონდა ჩაბარებული. ყიფშიძემ ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი იანვარშივე გამოაქვეყნა.

სწორედ ტამაშ აიანის მამხილებელი დოკუმენტური ფილმის გამო გადაწყვიტა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საქმის დეტალურად შესწავლა და შექმნა კომისია, ცნობილი კანადელი იურისტის, რიჩარდ მაკლარენის, ხელმძღვანელობით.

გამოძიება გრძელდება და საბოლოო შედეგზე ლაპარაკი ჯერ ძნელია, თუმცა... მაკლარენის შუალედური დასკვნის გათვალისწინებით, ძალოსნობის ფედერაციისადმი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მკაცრი ტონის შეცვლა, ალბათ, ნაკლებად მოსალოდნელია.

ყველაზე ცუდი სცენარი

თუ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მართლა დააყენა დღის წესრიგში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ძალოსნობის ამოღება, საქართველო რეალურზე რეალური ოლიმპიური ოქროს მედლის შანსს დაკარგავს. ყველაზე პრესტიჟულ - მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს კონკურენციის გამოკვეთილი ლიდერი, ლაშა ტალახაძე, უკვე დიდი ხანია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე იგებს ყველაფერს, რისი მოგებაც კი შეიძლება. ტოლ-სწორი კონკურენტი არ ჰყავს და ტოკიოს ოლიმპიადაზეც უმთავრესი ფავორიტის რანგში გავა ფიცარნაგზე.

26 წლის ტალახაძემ უკვე მოასწრო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის ოთხ-ოთხჯერ მოპოვება და არის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისადმი წაყენებულ ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა, ზურაბ კახაბრიშვილმა, რომელიც, ამავდროულად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის სამედიცინო კომიტეტის წევრიცაა.

„დოპინგთან დაკავშირებულ დარღვევებს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია აქტიურად ებრძოდა. ოთხი წლის წინ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელშიც ყველა ქვეყნის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები გაწევრიანდნენ. მათ შორის იყო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი. ჯგუფის წევრების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ძალოსნობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, დოპინგის თემაზე კი კონტროლიც და სანქციებიც გამკაცრდა. თუნდაც მარტო იმის გახსენებაც საკმარისია, რომ თექვსმეტი ქვეყნის ნაკრები დაისაჯა დისკვალიფიკაციით. არასაშეჯიბრო ტესტირებების სიხშირეც ძალიან მაღალი იყო და, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მაკლარენის ინფორმაცია და თომას ბახის განცხადება მოძველებულია. ამჟამად პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. როგორც საშეჯიბრო, ისე არასაშეჯიბრო პერიოდში ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი და ყველა ძალოსანზე მიმდინარეობს მუდმივი კონტროლი“, - განაცხადა ზურაბ კახაბრიშვილმა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე, დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ გაწირავს ძალოსნობას, რადგან უმკაცრესი სანქციის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სპორტის ამ სახეობის ოლიმპიური პროგრამიდან მოკვეთა ზოგადად ოლიმპიური მოძრაობისთვისაც მძიმე დარტყმა იქნება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG