Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ რუსეთს ბრალი დასდო ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში


ზელიმხან ხანგოშვილი
ზელიმხან ხანგოშვილი

18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. ინფორმაცია განთავსებულია უწყების ვებსაიტზე. ტექსტში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილმა ბოროტმოქმედება ჩაიდინა რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით. ეჭვმიტანილს ბრალი ედება მკვლელობაში და იარაღის შესახებ კანონის დარღვევაში.

პროკურატურა აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაქვემდებარებულმა უწყებებმა ხანგოშვილის ლიკვიდაცია დაავალეს ბრალდებულს, რომელიც დანაშაულის ჩადენისთანავე იქნა დაკვებული.

„შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან,“ აღნიშნულია დოკუმენტში.

ტექსტში ნახსენებია, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში.

დოკუმენტში ბრალდებულის ვინაობა არაა დასახელებული და ის მოიხსენიება, როგორც „ვადიმ კ. იგივე ვადიმ ს.“. გამომძიებელ ჟურნალისტთა თანახმად, ლაპარაკია ვადიმ კრასიკოვზე, რომელიც ადრე ფსბ-ს სპეცდანიშნულების ნაწილში მსახურობდა და მონაწილეობდა რამდენიმე შეკვეთილ მკვლელობაში. გერმანიის ტერიტორიაზე ის ყალბი დოკუმენტებით შევიდა.

„ბრალდებულმა მკვლელობის თაობაზე სახელმწიფო დავალება მიიღო. ის ან ფინანსურ ანაზღაურებას მოელოდა, ან იზიარებდა დამკვეთთა მოტივს, რომ მოეკლა პოლიტიკური მოწინააღმდე და ამგვარად შური ეძია რუსეთის წინააღმდეგ ძველ კონფლიქტში მისი მონაწილეობისთვის“, ნათქვამია ბრალდებაში.

ბრალდებაში მოცემულია მკვლელობის წინა დღეებში ვადიმ კ.-ს გადაადგილების მარშრუტი: მოსკოვი-პარიზი-ვარშავა. პროკურატურის თანხმად, ბრალდებული 2019 წ. 22 აგვისტოს, მკვლელობის წინა დღეს, აქამდე დაუდგენელი გზით ჩავიდა ვარშავიდან ბერლინში.

„სახელმწიფოს დაკვეთით მკვლელობა ვადიმ კ.-მ 2019 წლის 23 აგვისტოს შუადღეზე ჩაიდინა“, ვკითხულობთ გერმანიის ფედერალური პროკურატურის ბრალდებაში, რომელშიც შემდეგ დაწვრილებითაა აღწერილი, როგორ მოხდა მკვლელობა. ბრალდებული მსხვერპლს ველოსიპედით მიუახლოვდა უკნიდან და როცა გაუსწორდა, გვერდიდან ესროლა წელს ზევით. ამის შემდეგ მან წაქცეულ მსხვერპლს კიდევ ორჯერ ესროლა თავში.

მკვლელობის შემდეგ ბრალდებული მალევე დააკავეს და ის დღემდე იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. 2019 წ. 4 დეკემბერს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ მალხაზ ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება საკუთარ ხელში აიღო. მანამდე საქმეს ბერლინის პროკურატურა იძიებდა.

„გერმანიის მთავრობა ძალიან სერიოზულად ეკიდება ფედერალური პროკურატურის განცხადებას, რომ შარშან ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით მოხდა“, განაცხადა 18 ივნისს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, „გერმანიის მთავრობა იტოვებს უფლებას შემდეგი ნაბიჯებისთვის.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG