Accessibility links

ირაკლი კობახიძე: გერმანიის პროკურატურის განცხადება არ ასახავს გერმანიის პოზიციას


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩეჩენი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკველობის საქმესთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციის პროკურატურის განცხადება არ ასახავს გერმანიის საქართველოსადმი დამოკიდებულებას და განცხადებაში არსებული ციტატა ტექნიკური დოკუმენტის მომზადების დროს ჩადებული სიტყვებია.

ირაკლი კობახიძე, გერმანიის გენერალური პროკურატურის განცხადებაში მოხმობილ სიტყვებს, ადარებს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიშს, რომელშიც, კონგრესმენები ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ მიიჩნევენ. კობახიძე ამბობს, რომ იმ დოკუმენტის მსგავსაც გერმანიის პროკურატურის განცხადებაშიც ტექნიკური ჯგუფის მიერ შეპარებული ფრაზებია.

"როგორც ვიცი თვითონ გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება, ყველაფერი ნათელია, როგორც იქ იყო ერთი ფრაზა ტექნიკური ჯგუფის მიერ შეპარებული, აქაც არის ერთი ფრაზა, ორი სიტყვა ჩადებული ასევე ტექნიკურად დოკუმენტის მომზადების დროს. რა თქმა უნდა, ეს არ ასახავს გერმანიის პოზიციას. გერმანიის სახელმწიფომ ზუსტად იცის თუ როგორია საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის სიტყვებით, მას ესმის გერმანიის პროკურატურის განცხადებით გამოწვეული შეშფოთება, თუმცა პროკურატურის მიზანი არ ყოფილა რაიმე სახით დაეხასიათებინა საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ორიენტაცია.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ზელიმხან ხანგოშვილის შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა „მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან“.

18 ივნისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. ინფორმაცია განთავსებულია უწყების ვებსაიტზე.

ტექსტში ნახსენებია, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში.

2019 წ. 4 დეკემბერს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება საკუთარ ხელში აიღო. მანამდე საქმეს ბერლინის პროკურატურა იძიებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG