Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გაბუნიას საქმე: საჯარო ინტერესი და ხელისუფლების რიტორიკა


გიორგი გაბუნია
გიორგი გაბუნია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკმაყოფილოა რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების გარშემო მედიაში „უპასუხისმგებლო” განცხადებების გამო. კრიტიკოსები გამოძიებისგან მეტ გამჭვირვალობას, ხელისუფლებისგან კი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მკაფიო მხარდაჭერას მოითხოვენ.

12 ივნისს, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს ეთნიკურად ჩეჩენი კაცი, ვასამბეკ ბოკოვი. სამიზნე, სავარაუდოდ, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო. ამას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს.

17 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში სუს-ი არ განმარტავს, კონკრეტულად რომელ განცხადებებს აფასებს უპასუხისმგებლოდ. უწყება საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს საქმის გარემოებების საჯარო განხილვისგან, რათა „ხელი არ შეეშალოს ინტენსიურად მიმდინარე საგამოძიებო პროცესს”.

„მედია იმიტომ არის მედია, რომ ის ცდილობს, უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და განაგრძობს: „არ გამოვა, რომ მხოლოდ ის იყოს მოცემულობა და რეალობა, რასაც სუს-ი გვეტყვის ორაბზაციანი განცხადებით”.

საჯარო ინტერესი

გიორგი გაბუნია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სატელევიზიო ფიგურაა საქართველოში. იგი საერთაშორისო მედიის ფოკუსში მოექცა 2019 წლის ზაფხულში, როცა პირდაპირ ეთერში, რუსულ ენაზე აგინა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. ამის გამო, ჟურნალისტს დაემუქრა პუტინის ერთგული მოკავშირე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი და „დამალვა” ურჩია. გაბუნიას გინებას უპასუხა ადრესატმაც და თქვა, რომ ქართველ ჟურნალისტს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ღირსად არ თვლიდა.

დღეს, გიორგი გაბუნიას სიცოცხლის მოსპობის რეალურ საფრთხეზე მიუთითებს „მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია. ორი წლის წინ, არხმა ჟურნალისტს დაცვა დაუნიშნა, რამდენიმე კვირის წინ კი, გაუძლიერა. ადამიანებს, რომლებიც გაბუნიას უსაფრთხოებას იცავენ, ტელეწამყვანი არც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს დაუტოვებიათ:

„თუ ადრე ვეპარებოდი ხოლმე და ზოგჯერ დაცვის გარეშეც გავდიოდი, ამიკრძალეს ესეც”, - ამბობს გიორგი გაბუნია და განაგრძობს: „ძალიან მკაფიო მითითებებს მაძლევენ, რა შეიძლება გავაკეთო და რა - არა”.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე მიიჩნევს, რომ როცა საქმე ეხება ჟურნალისტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ეს არაა ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე:

„აქ საქმე გვაქვს მის პროფესიულ საქმიანობასთან”, - ამბობს ანდღულაძე და განაგრძობს: „მნიშვნელოვანია პირიქით საჯაროობა”.

მედიაექსპერტი, „ინდიგოს” დირექტორი ნატა ძველიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ოფიციალური ინფორმაციის არარსებობა არაჯანსაღ დისკუსიას უწყობს ხელს:

„ჟურნალისტებმა უნდა ვიცოდეთ, გვექნება თუ არა გარანტია, რომ თუკი რამეს ვიტყვით, რაც არ მოსწონს პუტინს თუ კადიროვს, ამას არ მოჰყვება საფრთხე”.

“ბევრად მკაფიო უნდა იყოს განცხადება”

2019 წლის 7 ივლისს, როცა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მიაყენა ვლადიმირ პუტინს, წამყვანის არაეთიკური ქცევა დაგმო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. წამყვანის საქციელი არაეთიკურობის გამო მწვავედ გააკრიტიკა „რუსთავი 2“-მა - სადაც მაშინ გაბუნია მუშაობდა. არხმა ბოდიში მოიხადა, თვითრეგულირების ორგანომ კი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა.

გიორგი გაბუნიას მონოლოგზე მსჯელობა გასცდა პროფესიულ წრეებს - სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით გაკეთებულ განცხადებებში ხელისუფლების პირველმა პირებმა „რუსთავი 2“-სა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმებულ მოქმედებასა და სახელმწიფოს ინტერესების მტრობაში დასდეს ბრალი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებასაც კი მიმართა და ჟურნალისტის მონოლოგის შეფასება ითხოვა.

„პროფესიულ დისკუსიას და მედიის ხარისხის გაუმჯობესებას ხელი ეშლება, როცა ერთვება ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა. ამ დროს ვიწყებთ იმაზე ლაპარაკს, როგორ არ შეიძლება [მედიაპროდუქტის] შინაარსში ჩარევა”, - ამბობს ნატა ძველიშვილი.

დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლების უმრავლესობა საერთოდ არ ახსენებს რუსეთს, ჩეჩნეთსა და რამზან კადიროვს, რომელიც ოთხშაბათს კვლავ დაემუქრა გიორგი გაბუნიას.

„ყველაზე მეტად რაც თვალში და ყურში მხვდება, არის, რომ რუსეთს არ და ვერ ახსენებენ. ამ შემთხვევაში მაინც ხომ შეუძლიათ თქვან, რომ არავის არ აქვს უფლება, თავს დაესხას ჩვენს ჟურნალისტს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს?!” - ეუბნება გაბუნია რადიო თავისუფლებას და განაგრძობს: „ჩემი აზრით, ბევრად მკაფიო უნდა იყოს განცხადება”.

„ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა რომ დასჯადია, ამაზე მკაფიოდ უნდა ისაუბროს ხელისუფლებამ”, - ამბობს ნატა ძველიშვილი და განაგრძობს: „აუდიტორიის მხრიდან აგრესია და არაპროფესიონალური განხილვა, ცხადია, ახალისებს ცენზურას და თვითცენზურას”, - ამბობს ნატა ძველიშვილი.

„მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პრაქტიკული გამოძიება, არამედ ის პოზიტიური მესიჯები, რომლებიც უნდა მოდიოდეს ხელისუფლებისგან - რომ გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია და ისინი უზრუნველყოფენ ყველას, მათ შორის, იმ ჟურნალისტის აზრის დაცვას, რომლის პოზიცია მათთვის მიუღებელი შეიძლება იყოს”, - ამბობს მამუკა ანდღულაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია, რომელმაც პირველად გაავრცელა ინფორმაცია ვასამბეკ ბოკოვის დაკავებისა და გიორგი გაბუნიას მკვლელობის გეგმასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე დაიბარეს გიორგი გაბუნიაც, თუმცა „მთავარი არხის” დირექტორი და გადაცემის წამყვანი თანახმა არიან მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვაზე.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG