Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი იწყებს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელმაც პარლამენტის არჩევის წესი უნდა შეცვალოს.

დღეს მოქმედი სისტემით, პარლამენტის 150 წევრიდან 73 მაჟორიტარული, ხოლო 77 პროპორციული წესით აირჩევა.

„ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით კი:

• არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით - პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით;

• პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი განისაზღვრება 1 პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე;

• იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება, კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის მარჟის დადგენას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში მათ მიერვე პროპორციული წესით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამით. აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს;

• ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს;

• კანონპროექტი უშუალოდ ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით;

• 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომლის მხარდაჭერა დადასტურებული იქნება არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით. ამასთან, 5000 ხელმოწერის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდება:

ყველა კვალიფიციური პარტია;

ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან ბლოკურად მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში და მან/შესაბამისმა ბლოკმა პროპორციული წესით 15000 ხმა მაინც მიიღო;

ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15000 ხმა მაინც მიიღო;

• 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას „მთავარი არხის“ წილის მფლობელ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე არ აპირებენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო". ისინი აცხადებენ, რომ რურუა ყალბი ბრალდებით დაკავებული პოლიტპატიმარია და მისი, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლება იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ "ქართულ ოცნებაში".

მსჯავრდებულები უგულავა და ოქრუაშვილი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა. იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის ნოემბერში დაკავებული რურუას საქმეს კი ამჟამად განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 18 ივნისს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობა და 92 ხმა გარანტირებულია: „ახლა ჯერი არის ოპოზიციის იმ ნაწილზე, ვინც უკვე სათითაოდ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. საუბარია მინიმუმ 25-26 დეპუტატზე. შესაბამისად, ცვლილებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ 21 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებებს რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მივიღებთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG