Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზი ჯანეზაშვილი არ აპირებს დავა ანა დოლიძესთან სასამართლოს გზით განაგრძოს


ნაზი ჯანეზაშვილი
ნაზი ჯანეზაშვილი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ არ აპირებს ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობის კანონთან შეუსაბამობაზე დავა სასამართლოს გზით განაგრძოს. მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ამის მიზეზია ერთის მხრივ, სასამართლოსადმი დაბალი ნდობა, მეორეს მხრივ კი მოლოდინი იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე ამასაც თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს:

"გამოიყენებს, რაც არ უნდა პროცესი წარიმართოს, რაც არ უნდა სამართლიანი იყოს. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიმართ ნდობა არის აბსოლუტურად ნულზე“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. მისი შეფასებით ანა დოლიძე სარგებლობს იმით, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მისი გათავისუფლება არ შეუძლია.

„კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ნიშნავს არამოსამართლე წევრს, მაგრამ გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებით კონსტიტუცია დუმს. ორგანულ კანონში წერია, რომ შეუძლია პრეზიდენტს გაათავისუფლოს, მაგრამ ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კონსტიტუციას“, - აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლმა წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი 18 ივნისს მიქაუტაძე-მეთოფიშვილი-გვრიტიშვილის კლანის გვერდით დგომაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მზად იყო პოლიტიკური საქმიანობის გამო კანონის შესაძლო დარღვევის შესახებ თავი სასამართლოში დაეცვა.

უსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი 18 ივნისს გამოეხმაურა ანა დოლიძის, ალეკო ელისაშვილისა და ლევან კობერიძის მიერ "ახალი პლატფორმის" შექმნის ცნობას და მოითხოვა, ანა დოლიძემ განმარტოს, ვინ აფინანსებს მის ორგანიზაციას, მოძრაობას „ხალხისთვის“ და რატომ? სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ნაზი ჯანეზაშვილმა დაწერა, რომ ანა დოლიძემ თანამდებობა დღესვე რომ დატოვოს, მას კანონი უკვე დარღვეული აქვს.

ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან შეუთავსებლობის საკითხზე თავისი მოსაზრება ნაზი ჯანეზაშვილმა 16 ივნისსაც გამოხატა და მხარი დაუჭირა იმ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთაც ანა დოლიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს, თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს.

7 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის სტატუსი პოლიტიკური მიზნების განხორციელებასთან. სამოქალაქო სექტორის განცხადება დაკავშირებული იყო ანა დოლიძის სამოქალაქო ორგანიზაციაში „ხალხისთვის“ საქმიანობასთან.

ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის” 21 მაისს დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი „სუფთა ხელებით”, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაა. ამავე დღეს, მან "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე „მანიფესტი ხალხისთვის” გამოაქვეყნა, მოგვიანებით მედიით ისაუბრა ორგანიზაციის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს მაშინ, როდესაც პოლიტიკური საქმიანობის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, "ხალხისთვის" არა პოლიტიკური, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG