Accessibility links

„ევროპული საქართველო“ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში - ერთი პირობით


ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გუნდის გადაწყვეტილებით, ისინი საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ.

პარტიის ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება 20 ივნისს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, თუმცა მათი პირობაა, რომ „ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერს, ხოლო მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ მანამ, სანამ პატიმრობიდან არ გათავისუფლდება „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა.

„ევროპული საქართველო“ დღემდე უარს აცხადებდა საკონტიტიციო ცვლილებების მხარდაჭერაზე, სწორედ იმ არგუმენტით, რომ ხელისუფლება არ ასრულებდა პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას, რაც გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას მოიაზრებდა.

„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა 19 ივნისს, საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების განცხადება, რომლითაც მათ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდეს „ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობა და ცვლილებების სრულად მიღება“.

ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მონაწილეობით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში პარლამენტის 150 წევრიდან 120 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით უნდა აირჩიონ.

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა უყარონ კენჭი, 21 ივნისს არის დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG