Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი: იმედია, ნოემბერში გატეხილი პირობა დღეს აღარ განმეორდება


თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, გამოთქვამს იმედს, რომ გასული წლის „ნოემბერში გატეხილი პირობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების დღევანდელ განხილვაზე აღარ განმეორდება:

„დღეს 21 ივნისია. ერთი წლის წინ ეს დღე ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იყო, ჩვენ ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ამ დღემ განაპირობა ძალიან მძიმე პროცესები. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს იყო ტრაგიკული და ასეთად დარჩება მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. ამ დღის გამო, ჩვენ ყველამ ერთად საზოგადოებას მივეცით პირობა, რომ შევცვლიდით ამ ქვეყნის მართვის ფორმას და საარჩევნო სისტემა ზუსტად ქვეყნის მართვის ფორმაა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ამავე პარლამენტმა გასულ ნოემბერს დადებული პირობა გატეხა, ეს პირობა არ შეასრულა და ამით კიდევ უფრო დაამძიმა ის პროცესები, რომელიც ქვეყანაში არის და დაამძიმა ძალიან ბევრი რამ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. მეც და ჩემმა კოლეგებმაც, რაც შეგვეძლო და არ შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს დადებული სიტყვა მეტ-ნაკლებად შესრულებულიყო და საზოგადოებას მიეღო ის, რასაც იმსახურებდა. უკეთესი მართვის სისტემა, რასაც ის მოითხოვდა და რასაც ერთად დავპირდით. მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი ამ სხდომათა დარბაზში, ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ ეს დღეს მეორედ არ განმეორდება. ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ ძალას და პარტიას მიეკუთვნება, თავის როლს შეასრულებს, პასუხისმგებლობას აიღებს და მისცემს ხმას იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც არის წარმოდგენილი და რომელიც ქვეყანას ძალიან სჭირდება“.

შეგახსენებთ, გასული წლის 14 ნოემბერს, პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. მაშინ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

14 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო თანამდებობები და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს. კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. ამ ცვლილებებით შესაძლებელი ხდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 120 დეპუტატის პროპორციული წესით არჩევა და 30 დეპუტატის მაჟორიტარული სიით. დღევანდელი პროპორცია 77/73-ზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG