Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტროს მხრიდან დათმობის შემდეგ გადადგა აშშ-ის მაღალი რანგის ფედერალური პროკურორი


ჯეფრი ბერმანი
ჯეფრი ბერმანი

აშშ-ის მაღალი რანგის ფედერალური პროკურორი, რომელიც ხელმძღვანელობდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის, ასევე პრეზიდენტის გარემოცვიდან სხვათა საქმეების გამოძიებას, დათანხმდა გადადგეს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრომ უარი თქვა თავის გეგმაზე, ბერმანის ადგილას დაენიშნა პრეზიდენტთან დაახლოებული პირი. ბერმანს მისი მოადგილე შეცვლის.

ბერმანის - ნიუ-იორკის მანჰეტენის რაიონის პროკურორის - გადადგომის შესახებ პარასკევს გამოაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა. მაგრამ ბერმანმა უარი თქვა პოსტის დატოვებაზე. „მე არ მომითხოვია გადადგომა და არ ვაპირებ თანამდებობიდან წასვლას“, განაცხადა მან. მან აღნიშნა, რომ აპირებს „შეფერხებების ან შესვენებების“ გარეშე გააგრძელოს წარმოებული გამოძიებები.

შაბათს საღამოს ბარმა განაცხადა, რომ ბერმანის გადადგომის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტრამპმა დაამტკიცა. ამასთან, გენერალურმა პროკურორმა შეცვალა თავდაპირველი გადაწყვეტილება. მანჰეტენის პროკურორის თანამდებობაზე ბერმანს შეცვლის არა ჯეი კლეიტონი, რომელიც პრეზიდენტის ახლო წრეს განეკუთვნება, არამედ ამ მოვალეობას შეასრულებს ბერმანის მოადგილე ოდრი სტროსი.

ამის შემდეგ ბერმანმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

როგორც New York Times-ი წერს, სენატში პრობლემები გაჩნდა კლეიტონის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით და იუსტიციის სამინისტროს კომპრომისზე წასვლამ მოუწია.

ბერმანი ცნობილი გახდა მთელი რიგი გახმაურებული საქმეების გამოძიებით. მათ შორის არის ტერორიზმთან, უოლ სტრიტზე საფინანსო დანაშაულებებთან და ხელისუფლების ორგანოებში კორუფციასთან დაკავშირებული საქმეები. 2018 წელს ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მან დაიწყო გამოძიება დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG