Accessibility links

გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში კვლავ მიმართა ვლადიმირ პუტინს უცენზურო სიტყვებით


ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ 21 ივნისს კვლავ მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უცენზურო სიტყვებით რუსულ ენაზე.

„ვიცი, რომ საქართველოს უდიდესი ნაწილი იმავეს ფიქრობს ვლადიმირ პუტინზე, რასაც მე“, თქვა მანამდე გაბუნიამ და აღნიშნა, რომ ის ტოლობის ნიშანს არ სვამს პუტინსა და რუს ერს შორის.

გაბუნია შეეხო ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავიდან იქნა აცილებული მისი ლიკვიდაცია.

„მე ვთვლი, რომ ვარ ძალიან დიდი, სამშობლოს ერთგული ქართული არმიის ერთი რიგითი ჯარისკაცი, სიტყვის ჯარისკაცი. მე შეიძლება მომკლან. არა უშავს, ჩემს ადგილს სხვა, ჩემზე უფრო თავდადებული ჯარისკაცი დაიკავებს... მესროლეთ, თუ სწორად დამიზნებას შეძლებთ. თქვენი ტყვიის მე არ მეშინია. მე ვაგრძელებ ბრძოლას ჩემს მეგობრებთან ერთად და მე ვიომებ გამარჯვებამდე“, თქვა გიორგი გაბუნიამ 21 ივნისს გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“.

12 ივნისს, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში, დააკავეს ეთნიკურად ჩეჩენი მამაკაცი, ვასამბეკ ბოკოვი. სამიზნე, სავარაუდოდ, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო.

15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირებენ 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას. მაშინ გაბუნია "რუსთავი-2"-ში მუშაობდა და გადაცემა "პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან, მისი თქმით, "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG