Accessibility links

53 ორგანიზაცია მიმართავს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს, არ აირჩიოს სოფიო კილაძე წევრად


სოფიო კილაძე

53 არასამთავრობო ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავს, არ აირჩიოს კომიტეტის წევრად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სოფიო კილაძე არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენით და, ამავდროულად, მისი კანდიდატურის დასახელებისას სახელმწიფომ დაარღვია გაეროს რეკომენდაციები, რომელიც კანდიდატის ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით შერჩევას გულისხმობს:

„ქალბატონი კილაძე ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით“, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი პოზიცია ცნობილი უნდა იყოს კომიტეტისთვის გადაწყვეტილების მიღებამდე:

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, ქალბატონო სოფიო კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად, რადგან არც მისი კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სოფიო კილაძეს არც უშუალოდ ბავშვის უფლებების სფეროში აქვს გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა. ორგანიზაციები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ასევე მის დამოკიდებულებაზე სამოქალაქო სექტორთან:

„სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორთან ღია და ცხადი დაპირისპირებით. ის სიტყვიერად თავს ესხმის უფლებადამცველებს, შედის კონფრონტაციაში ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან, გამოირჩევა ჰომოფობიური და სხვაგვარი დისკრიმინაციული განწყობებით. მას აქვს მილიტარისტული მოტივები ბავშვებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ბავშვებში უნდა ჩადოს ინვესტიცია რომ გახდნენ ჯარისკაცები და ემსახურონ ქვეყნის სამხედრო ძალებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი უარყოფითი დამოკიდებულება ლგბტქ თემის მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები თხოვნით მიმართავენ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს, გაითვალისწინოს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები კომიტეტის წევრების არჩევის პროცესში და არ დაუშვას სოფიო კილაძის შერჩევა კომიტეტის წევრის პოზიციაზე.

რადიო თავისუფლებას პარლამენტში უთხრეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაზე კომენტარს სოფიო კილაძე ხვალ, 23 ივნისს გააკეთებს.

მიმართვა ვრცლად იხილეთ აქ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG