Accessibility links

ფოფხაძე: კანონის ჩაგდება და შემდეგ ენმ-სთან ერთად მიღება მათთვის ხელისუფლების გადაბარებას ნიშნავს


მმართველი პარტიის ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით ლეგიტიმაციას დაკარგავს "ქართული ოცნება". ამის შესახებ მან კონსტიტუციური პროექტის განხილვის დროს პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა.

"არანაირად არ შეიძლება, დღეს ეს გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული, მერე შემოვიდეს "ნაციონალური მოძრაობა" და იმათთან ერთად იქნას მიღებული, ეს, უბრალოდ, იქნება, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკვე გადააბარა ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობას", ამას მე მშვიდად ვერ შევხედავ", - განაცხადა ფოფხაძემ.

პარლამენტში კენჭისყრა 115-მა დეპუტატმა გაიარა, მათგან რამდენიმეზე ცნობილია, რომ არ მისცემს დოკუმენტს ხმას. კანონპროექტის მეორე მოსმენით მისაღებად 113 ხმა არის საჭირო.

პარლამენტში დღეს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სისტემა იცვლება. ამ ცვლილებების მიხედვით, 77-დან 120-მდე იცვლება პროპორციულად არჩეული დეპუტატების რიცხვი, ხოლო 73-დან 30-მდე მცირდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა. კანონპროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG