Accessibility links

თბილისის მერია განმარტავს 28 000 ლარის ღირებულების პარკების შეძენის საჭიროებას


მერიის მიერ სოციალურად დაუცველებისა და მოხუცებისთვის გადასაცემი პროდუქტები

თბილისის მერია დამატებით განმარტავს 2020 წლის 24 მარტს სარეზერვო ფონდიდან 28 000 ლარის პოლიეთილენის პარკების შეძენის და გამოყენების დეტალებს.

საჯარო ინფორმაციაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მერიისგან გამოითხოვა და 2020 წლის პირველ 5 თვეში, იანვრიდან მაისის ჩათვლით, სარეზერვო ბიუჯეტის ხარჯებს ასახავდა, აღნიშნული იყო, რომ “დავეხმაროთ მოხუცებს” კამპანიის ფარგლებში, თბილისში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულებისათვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის მიზნით” მერიამ პოლიეთილენის პარკები შეიძინა.

საჯარო ინფორმაციის მოწოდებისას მერიას არ დაუზუსტებია იმ ბენეფიციარების რაოდენობა, ვისაც უფასო საკვები მიუტანეს და შეძენილი პოლიეთილენის პარკების რაოდენობა. მერიის ვებსაიტზე 22 მარტის მდგომარეობით არც მერის შესაბამისი ბრძანებაა ატვირთული, რომელიც პარკების საყიდლად თანხის გამოყოფისთვის გამოიცა. მარტის ბოლოს, როდესაც თბილისის მერიამ პარკების შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, მერიისავე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი კამპანიაში ჩართულ 2500-მდე მარტოხელა მოხუცს ეხმარებოდა.

რადიო თავისუფლებას მასალის გამოქვეყნების შემდეგ მერიის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი განუმარტავს, რომ 28 000 ლარად შეძენილი 100 000 პარკით მერიამ საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები არა მარტო 2500-მდე მარტოხელა მოხუცს, არამედ სხვა სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც მიუტანა. მისივე განმარტებით, მერია მარტის შემდგომ 10 000-მდე მოხუცს და 52 000-მდე ოჯახს დაეხმარა სურსათით და პირველადი მოხმარების ნივთებით.

რადიო თავისუფლებამ მერიის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ სტატია 22 ივნისს გამოაქვეყნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG