Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში აღლუმს დაესწრება სულ რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, მათ შორის, სოხუმიდან და ცხინვალიდან


აღლუმის სამზადისი
აღლუმის სამზადისი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 24 ივნისისათვის მოსკოვში დაგეგმილ სამხედრო აღლუმს დაესწრებიან გაეროს 7 წევრი სახელმწიფოს - ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სერბეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვში ასევე ჩავლენ დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები. საქართველოს სეპარატისტული რეგიონები 2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველოსთან ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო.

მაგრამ მსოფლიო თანამეგობრობა მათ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

მოსკოვში აცხადებენ, რომ სამხედრო აღლუმზე ელოდებიან ბოსნია-ჰერცეგოვინის კოლექტიური პრეზიდიუმის წევრს, მილორად დოდიკს.

მოსკოვის წითელ მოედანზე 24 ივნისს გაიმართება აღლუმი, რომლითაც უნდა აღნიშნონ მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75-ე წლისთავი. რუსეთში ეს დღე, ტრადიციულად, 9 მაისს აღინიშნება ხოლმე, მაგრამ წელს მასშტაბური ღონისძიებები გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელიც კვლავაც ინფიცირების ათასობით შემთხვევას იწვევს ყოველდღიურად.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოსკოვში ჩასვლა გადაიფიქრეს სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა.

ხოლო თურქმენეთის პრეზიდენტი მოსკოვში ვერ ჩადის იმის გამო, რომ მის დაბადების დღესთან დაკავშირებით ქვეყანაში სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.

ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მოსკოვში ჩაუსვლელობის მიზეზად პრეზიდენტის თვითმფრინავის გაფუჭება დასახელდა.

რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის მთავარ მოკავშირეებს - აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, 24 ივნისის სამხედრო აღლუმზე ეს ქვეყნები ელჩების სახით იქნებიან წარმოდგენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG