Accessibility links

ნოლეს კლასტერი


საჩოგბურთო სამყარო ტურნირების მოლოდინშია და კვირებს ითვლის. მარტის დასაწყისში შეჩერებული სეზონი აგვისტოდან უნდა განახლდეს. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ უკვე შეჯიბრებების ჩასატარებელი სამედიცინო პროტოკოლიც დაამტკიცა, მაგრამ ბოლო დღეებში დატრიალებულმა ამბებმა საჩოგბურთო ორგანიზაციებს სერიოზული საფიქრალი გაუჩინა, ქომაგები კი გვარიანად აანერვიულა - COVID-19-ით ოთხი ცნობილი ჩოგბურთელი დაინფიცირდა და შეიძლება ინფიცირებულ სპორტსმენთა რაოდენობა ამ დღეებში კიდევ უფრო გაიზარდოს. კორონავირუსი დაუფიქსირდა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერს, დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს და მის მიერ ახლახან ორგანიზებული ტურნირის მონაწილეებს.

მსოფლიო ჩოგბურთის ლიდერის იდეა და ჟურნალისტების კრიტიკა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რამდენიმე კვირის წინ გადაწყვიტა ჩოგბურთის გულშემატკივრები გაეხარებინა და საჩვენებელ ტურნირზე სათამაშოდ უხმო კოლეგებს. „Adria Tour” - ასე ჰქვია მამაკაც ჩოგბურთელთა ტურნირს, რომელიც ოთხ ეტაპად უნდა ჩატარებულიყო ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში.

პირველი შეჯიბრება 13-14 მარტს ბელგრადში გაიმართა და მასში მონაწილეობა არაერთმა ტოპ-ჩოგბურთელმა მიიღო, მათ შორის თავად ჯოკოვიჩმაც, მაგრამ ფავორიტი თავის ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა. ბელგრადის ტურნირის ჩემპიონი ავსტრიელი დომინიკ ტიმი გახდა, რომელმაც ფინალში გერმანიის სახელით მოთამაშე ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა.

ნოვაკ ჯოკოვიჩის შეჯიბრებას პირველსავე ეტაპზე კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. ჟურნალისტებმა ნოლეს ორგანიზების ხარისხი დაუწუნეს - უფრო კონკრეტულად, უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა. ორგანიზატორებმა შეჯიბრებაზე დაუშვეს მაყურებლები და, თან, ისინი კორტთან საკმაოდ ახლოს დასხეს. სოციალური დისტანცირების წესი არც პრესკონფერენციებზე იყო დაცული და სპორტსმენებიც გადაჭარბებულად თავისუფალი მოქმედებით დიდი რისკის ქვეშ აგდებდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.

სერბეთის შემდეგ „Adria Tour”-ი ხორვატიაში გაგრძელდა 20-21 ივნისს - იქაც მაყურებლების თანხლებით, მაგრამ... მეორე ეტაპის დასრულება ვეღარ მოხერხდა. ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რუსი ანდრეი რუბლევის ფინალური მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურნირის ერთ-ერთ მონაწილეს, ბულგარელ გრიგორი დიმიტროვს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ყველა ადამიანს, ვისაც ინფიცირებულ ჩოგბურთელთან კონტაქტი ჰქონდა, ტესტი ჩაუტარდება, ჩვენ კი გადავწყვიტეთ აღარ გავრისკოთ და... ფინალი გაუქმებულია" - გამოაცხადა ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ხუთი ახალი შემთხვევა

გრიგორი დიმიტროვმა ტესტის უარყოფითი პასუხის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელით აუწყა. მსოფლიოს რეიტინგის მეცხრამეტე ნომერმა ინსტაგრამის პირად გვერდზე დაწერა, რომ ძალიან წუხს მათზე, ვისაც შეიძლება ზიანი მიაყენა და ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდა ყველას, ვისთანაც ბოლო პერიოდში კონტაქტი ჰქონდა.

ჩაშლილი ფინალის შემდეგ რამდენიმე სერბულმა სპორტულმა გამოცემამ დაწერა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს არ სურდა ხორვატიაში ტესტის ჩაბარება და უარს იმით ხსნიდა, რომ თავს კარგად გრძნობდა და ვირუსის არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა, თუმცა 22 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო ჩოგბურთის ლიდერსაც ჩაუტარდა ტესტირება.23-ში კი პასუხიც გამოცხადდა - ნოლეს COVID-19 დაუდასტურდა. ასევე დადებითი პასუხი აჩვენა სპორტსმენის მეუღლის ტესტმაც.

ჯოკოვიჩის ტესტის პასუხამდე დაინფიცირების სხვა ახალი შემთხვევებიც დაფიქსირდა.

ნოლეს ტესტის პასუხამდე კი დაინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. კორონავირუსი აღმოაჩნდათ დიმიტროვის მწვრთნელს, კრისტიან გროჰს, ჯოკოვიჩის ფიტნეს-მწვრთნელს,მარკო პანიკს, და კიდევ ორ ცნობილ ჩოგბურთელს, რომლებიც საჩვენებელ ტურნირებში იღებდნენ მონაწილეობას: ხორვატ ბორნა ჩორიჩსა და სერბ ვიქტორ ტროიცკის; ასევე, ტროიცკის მეუღლეს, რომელიც ორსულადაა და ივლისში ბავშვს ელოდება.

სამედიცინო პროტოკოლი

ჩოგბურთში სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის დასაწყისში შეჩერდა, როდესაც ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს. მას შემდეგ საჩოგბურთო ორგანიზაციების - პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP), ქალთა საჩოგბურთო ასოციაციისა (WTA) და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) - ხელმძღვანელებმა რამდენიმე ერთობლივი ონლაინკონფერენცია გამართეს და უკვე ოფიციალურად შეთანხმდნენ, რომ იძულებითი პაუზა აგვისტოში დასრულდება.

შეთანხმებული და გადაწყვეტილია ისიც, რომ საერთაშორისო ტურნირების ყველა მონაწილე ჩოგბურთელს, მწვრთნელს, მსაჯს თუ ტექნიკურ პერსონალს ჩაუტარდება ტესტირება ყოველ ოთხ დღეში. ყველას ყოველდღე გაუზომავენ სიცხეს. თუ ტემპერატურა 37,8 გრადუსს გადააჭარბებს, ტურნირს ჩამოაშორებენ და კარანტინში გაუშვებენ. შეზღუდული იქნება და მკაცრად გაკონტროლდება კორტზე მყოფთა რაოდენობა. ტრიბუნები კი, სავარაუდოდ, აგვისტოს ყველა შეჯიბრებაზე ცარიელი იქნება.

სეზონი 3 აგვისტოს უნდა გაგრძელდეს ქალთა ტურნირით. კაცები კორტზე 10 აგვისტოდან გავლენ. შეჯიბრებების განრიგი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. უკვე დაზუსტებულია, რომ ამერიკის ღია პირველობა 31 აგვისტოდან, 13 სექტემბრის ჩათვლით, მაყურებლის გარეშე ჩატარდება, თუმცა დიდი სლემის პრესტიჟულ შეჯიბრებას, მთელი რიგი შეზღუდვების მიუხედავად, ალბათ, მაინც ბევრი ცნობილი ჩოგბურთელი აარიდებს თავს. ზოგიერთი კორტზე გასვლას არ ჩქარობს და ამბობს, რომ რისკის დონე მაინც მაღალია, ზოგს კი ორგანიზატორების მიერ დაწესებული შეზღუდვები არ მოსწონს.

საინტერესოა, რომ ამერიკის ღია პირველობის კრიტიკოსთა შორის გრიგორ დიმიტროვი და ნოვაკ ჯოკოვიჩიც იყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG