Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში გააპროტესტეს ნამახვანის ჰესის მშენებლობა


„ქუთაისი საფრთხეშია!“, „შეიგრძენი საფრთხე“, „დუმილი დანაშაულია!“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ქუთაისში, რუსთაველის ხიდზე გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა გააპროტესტეს.

„ეს არის საშიში პროექტი, ნამახვანის ჰესის მშენებლობა დაგეგმილია მეწყერსაშიშ, სეისმურად აქტიურ ზონაში და საფრთხის წინაშე აყენებს ოცამდე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას“, - განაცხადა აქციის მონაწილემ, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

ჰესის მშენებლობის გამო, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების სოფლების ტვიშის, ნამოხვანისა და მექვენის მოსახლეობამ. არასამთავრობო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, ზაალ გორგიძის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის თებერვლის ბრძანება, რომელმაც ჰესის მშენებლობას „მწვანე შუქი აუნთო“ და ამჟამად სარჩელის არსებით განხილვას ელოდებიან.

„მინისტრის ბრძანება დაუსაბუთებელი, არასამართლებრივი და უკანონოა, რადგან არ იყო დაცული სამართლებრივი წარმოება და ბრძანების გამოცემის წესები. ამასთან, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის განხილვა მოსახლეობასთან არ მომხდარა. განხილვა ფორმალურად ჩატარდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის დარბაზში და მას მოსახლეობა არ ესწრებოდა, რადგან ინფორმირებული არ იყო. რაც შეეხება კომპანიას, რომელმაც ჰესი უნდა ააშენოს, კითხვაზე, აქვს თუ არა ჰესის მშენებლობის გამოცდილება, მისმა წარმომადგენლებმა ვერ უპასუხეს, რადგან ამ კომპანიას ასეთი გამოცდილება არ აქვს“, - განაცხადა ზაალ გორგიძემ.

ქუთაისში გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ იმ სოფლების მცხოვრებნი, რომლებსაც ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შემთხვევაში, საკუთარი სახლების დატოვება მოუწევთ. მათი თქმით, მოსახლეობის ნაწილი ჰესის მშენებლობას რამდენიმე მიზეზით ეწინააღმდეგება - არ სურთ საკუთარი კარ-მიდამოს და ახლო ნათესავების საფლავების მიტოვება და, ამასთან, შიშობენ, რომ ჰესი მხარის მიკროკლიმატს შეცვლის და უარყოფითად იმოქმედებს ფლორასა და ფაუნაზე.

პროექტის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი მდინარე რიონზე, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში უნდა აშენდეს. მშენებლობა და ჰესების ექსპლუატაცია უნდა უზრუნველყოს 2016 წელს შექმნილმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“. კომპანიის წილის 10% ნორვეგიაში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებას „ქლინ ენერჯი გრუპ ეი ეს“-ს ეკუთვნის, 90 % კი ნიდერლანდში დაფუძნებულ „ენკა ჰოლდინგ ბი ვი“-ს. კომპანიის დირექტორთა საბჭოში არიან თურქეთის და ნორვეგიის მოქალაქეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG