Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გამოავლინა STOP COVID-მა ინფიცირებულები, თუკი აპლიკაციას ეს ფუნქცია არ აქვს?


დაახლოებით ერთი კვირის წინ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ეფექტურად მუშაობს STOP COVID-ის აპლიკაცია და ამის დასტურად პირველად განაცხადა, რომ აპლიკაციით საქართველოში ინფიცირებულთა იდენტიფირება მოხდა.

"მისი [აპლიკაციის] მეშვეობით უკვე 10 ინფიცირებული პირი გამოვლინდა", - ეწერა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

რადგან STOP COVID-ის აპლიკაცია არა ინფიცირებულების, არამედ მათი კონტაქტების გამოვლენაზე მუშაობს, რადიო თავისუფლება დაინტერესდა, კონკრეტულად როგორ იპოვა აპლიკაციამ "10 ინფიცირებული პირი".

ჩვენ სამინისტროს ვკითხეთ: კონკრეტულად რა იგულისხმებოდა ინფორმაციაში "მოხდა 10 ადამიანის იდენტიფიცირება". ამ კითხვაზე სამინისტრომ წერილობით გვიპასუხა:

"ეს არის 10 პირი, რომელთაც PCR ტესტირებით დაუდასტურდა СOVID-19. ამავე დროს, მათ ჰქონდათ აპლიკაცია STOP COVID ჩაწერილი საკუთარ სმარტფონებში, სადაც აღნიშნული ინფორმაცია შეიყვანეს [გრაფაში "ინფექციის შეტყობინება"]".

რადიო თავისუფლებას სამინისტროში უთხრეს, თუ რას გულისხმობდნენ 10 ინფიცირებულის გამოვლენაში: "ესენი არიან ადამიანები, რომელთა მობილური ნომრები დაემთხვა ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ ინფიცირებულთა მონაცემთა ბაზას".

აპლიკაცია გააქტიურების შემთხვევაში ინიშნავს ყველა იმ აპლიკაციის მონაცემს, რომელიც მასთან 2 მეტრზე ახლოს მოხვდება 15 წუთის განმავლობაში. ვირუსის დადასტურების შემთხვევაში კი ყველა ჩანიშნულ მონაცემზე შეტყობინებას აგზავნის.

"[რამდენ ადამიანს გაეგზავნა შეტყობინება] პირადი ინფორმაციის დაცულობიდან გამომდინარე, აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა არ გაგვაჩნია", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც, ასევე, აღნიშნავენ, რომ ამავე მიზეზით ვერ ადგენენ, აპლიკაციით მიღებული შეტყობინების შემდეგ რამდენს დაუდასტურდა კორონავირუსი.

STOP COVID აპლიკაცია 412 ათას ლარზე მეტი დაჯდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის 205 ათასზე მეტმა პირმა გადმოწერა, თუმცა რამდენი მოიხმარს, უცნობია. სამინისტროში ამბობენ, რომ ყველა პაციენტს, რომელიც მანამდე ამ აპლიკაციით სარგებლობდა, რეკომენდაციის სახით ეუბნებიან, რომ კოვიდსტატუსის შესახებ ინფორმაცია შეიყვანონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG