Accessibility links

გვაქვს რეალობა როცა გენერალური პროკურორია ირაკლი შოთაძე. ამიტომ შესაძლო სამოხელეო დანაშაულის საკითხზე მას მივმართეთ


ხორავას ქუჩის საქმეში შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურორს მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ და ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ მიმართეს. შეხვედრა პირადად გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან გაიმართა.

რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა ირაკლი შოთაძესთან ზაზა სარალიძისა და მისი ინიციატივით შედგა:

„ჩვენ რა თქმა უნდა, წერილობით მივმართეთ, შემხვედრი თანხმობა იყო უკვე გენერალური პროკურორის მიერ და შედგა ეს შეხვედრა, სადაც მე შემეძლო და მომეცა საშუალება იმისი, გამომეხატა ჩემი პოზიცია, რომ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია სამართალწარმოება ისევ გაგრძელდეს ამ ეტაპზე უკვე სამოხელეო დანაშაულის ნიშნებთან დაკავშირებით. მართალია პირველ ეტაპზე არსებული მდგომარეობა შეიცვალა და მსჯავრდებული უკვე დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გვყავს მეორე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე ამით არ იქნას დასრულებული“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, ახლა უკვე იმის მოლოდინში არიან, რა შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს გენერალური პროკურატურა.

„პირველ რიგში ჩვენ მოვითხოვთ რომ საქმის შესწავლა დაიწყოს. შეისწავლონ ყველა იმ საგამოძიებო ორგანოს პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულება ამ საქმესთან მიმართებაში, ვინც კი მონაწილეობდა ამ საქმეში. ამავე დროს ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, რომელიც სწავლობდა ამ საკითხს და მის დასკვნაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხად არის გამოტანილი ის, რომ საქმეში შეინიშნებოდა სამოხელეო დანაშაულის ნიშნები, ის რომ სამსახურებრივი მდგომარეობა გამოყენებული იქნა იმისათვის, რომ ზოგ შემთხვევაში მტკიცებულებები გაენადგურებინათ, ზოგ შემთხვევაში ხელი შეეშალათ მტკიცებულებების დროული მოპოვებისათვის და გამოძიება წასულიყო არასწორი მიმართულებით, იქ რა თქმა უნდა არის იმ პირების ჩამონათვალი, რომელთა ქმედებაშიც შეინიშნებოდა სავარაუდო დანაშაულის ნიშნები. ჩვენ ამ სიით ვხელმძღვანელობთ და ვითხოვთ, რომ ყველა ამ პირის ქმედება იქნეს შესწავლილი“, - აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ.

კითხვაზე რამდენად იწვევს ნდობას პროკურატურა და ირაკლი შოთაძე, რომელიც თანამდებობრივად იყო პასუხისმგებელი ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებაზე და 2018 წელს მთავარი პროკურორის პოსტიდან საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაწყებული მღელვარების ფონზე გადადგა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა:

„როდესაც გენერალური პროკურორის კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობდა ადამიანის უფლებათა ცენტრის პოზიცია სწორედ ეს გახლდათ, რომ არ შეიძლებოდა კვლავ ირაკლი შოთაძეს ჰქონოდა უპირატესობა და დაბრუნებოდა თანამდებობას მაშინ, როდესაც ეს სამოხელეო დანაშაული ჯერ კიდევ წინ გვქონდა. თუმცა დღეს გვაქვს მდგომარეობა, რომ გვყავს გენერალური პროკურორი, ბატონი ირაკლი შოთაძე. რეალობა ეს არის და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავექცეთ, შევწყვიტოთ ამაზე საუბარი და თუნდაც შეხვედრებზე პროტესტი განვაცხადოთ და უკან დავიხიოთ. რადგან დღეს გვაქვს ეს რეალობა, ჩვენ ვალდებული ვართ სამართლებრივ ჭრილში ვაწარმოოთ ამ პროცესის მიმდინარეობა და შეხვედრა ვაწარმოოთ იმ გენერალურ პროკურორთან, რომელიც დღეს გყავს, თუმცა მე არ ვამბობ, რომ მოიხსნა ჩვენს მიერ ის კითხვები, რაც იმ ეტაპზე არსებობდა, ეს კითხვები დღესაც გვაქვს, თუმცა ჩვენ მივყვებით სამართლებრივ წარმოებას და გამოვიყენებთ ყველა არსებულ ბერკეტს იმისათვის, რომ საქმეზე დადგეს სამართლებრივი შედეგი. სწორედ ამიტომ შედგა ეს შეხვედრაც“, - აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ. მისი შეფასებით სამოხელეო დანაშაულის გამოძიება ხორავას ქუჩის საქმეში პროკურატურისთვის, ზოგადად მართლმსაჯულებისთვის ახლა არის ერთგვარი სამართლებრივი სასწორი, რათა საზოგადოებას დაანახონ, რომ მზად არიან, საქმეზე სრული ჭეშმარიტება დადგეს. მისი თქმით, შესასწავლია ყველა იმ პირის საქმიანობა, რომელიც საგამოძიებო კომისიის სიაშია შესული.

„სიაში არიან არა მარტო გამომძიებლები პროკურორები არამედ ზემდგომი თანამდებობის პირებიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ რიგით გამომძიებელს ჰქონდა რაიმე ინტერესი და მისი ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებდა მთელი ეს სისტემა. რა თქმა უნდა ამ გამომძიებლებსა და პროკურორებზე გარკვეულწილად მიდიოდა დავალებების მიცემა და ზემდგომი მეთვალყურეობის გაცემა და სწორედ ჩვენი ინტერესია გამოიკვეთოს სწორედ ის პირი ვისი მეშვეობითაც შეიქმნა მთელი ეს მანკიერი სისტემა რომელმაც ამ საქმეზე მოახდინა გავლენა“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ. გადაცემაში მან ისაუბრა ასევე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე შექმნილ ანალიტიკურ დოკუმენტზეც.

„ჩვენი მიზანი ეს გახლავთ, რომ პირველ რიგში ქრონოლოგიურად გადმოგვეცა თუ რა სამართლებრივი და პოლიტიკური მოვლენები მიმდინარეობდა ხორავას ქუჩის საქმის განხილვის დროს და ეს დაგვენახებინა იმასთან მიმართებაში, რომ სწორედ სამოხელეო დანაშაული არის ის მთავარი ფაქტორი, რამაც გამოიწვია ამ საქმის ამ ეტაპამდე მოყვანა...ამის გამოყენებით შეეცადნენ ისინი გავლენა მოეხდინათ და მათთვის სასურველი და სიმართლისათვის არასასურველი შედეგი დამდგარიყო. ჩვენ გვინდოდა დაგვენახვებინა საზოგადოებისთვის, რომ ეს არის მთავარი ამ საქმეში, რომ შემდგომში აღარ უნდა ხდებოდეს ასეთი დანაშაულებები. ამ მიზნით შეიქმნა ეს დოკუმენტი“, - აღნიშნა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ. მისი განმარტებით, საქმეში იკვეთება არა მარტო მტკიცებულებების განადგურების კვალი, არამედ საგამოძიებო მოქმედებების არასათანადოდ შესრულებაც.

ადვოკატმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ილაპარაკა ასევე პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანზე მირზა სუბელიანზე და მის სავარაუდო გავლენაზე გამოძიების პროცესზე. საუბარი შეეხეო ასევე მირზა სუბელიანის პატიმრობისას გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს და იმ შესაძლო დანაშაულებების გამოძიების აუცილებლობას, რომელიც ჩანაწერში იყო ნახსენები.

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, არასრულწლოვან დავით სარალიძეს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. მასთან ერთად მოკლეს ლევან დადუნაშვილი.

25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე. საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას და გუგა ბარბაქაძის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2020 წლის 28 იანვარს გამოაცხადა. გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი პატიმრობიდან, საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. მისჯილი წლებიდან ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს. ამიტომ ის პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში სცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს სასჯელიც უცვლელი დარჩა. მას 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG