Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი განიხილავს საგარეო საზღვრების გახსნას: მოხვდება თუ არა სიაში საქართველო?


რიკარდ იოზვიაკი. რადიო თავისუფლების რეპორტიორი ბრიუსელში
რიკარდ იოზვიაკი. რადიო თავისუფლების რეპორტიორი ბრიუსელში

ავტორი: რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირმა თანდათანობით დაიწყო შიდა საზღვრების გახსნა, რადგან კონტინენტის უდიდესმა ნაწილმა, სულ მცირე დროებით, თითქოს მოახერხა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის შეჩერება. ახლა კი ბლოკი ემზადება მეორე, და ბევრად უფრო რთული ნაბიჯისთვის - მის გარე საზღვრებზე მესამე ქვეყნებიდან მგზავრებისთვის დაწესებული შეზღუდვების შესამსუბუქებლად.

მიმდინარე თვეში ევროკავშირის კომისია გამოვიდა რეკომენდაციით 1 ივლისიდან ნელ-ნელა გაიხსნას საზღვრები და გამოთქვა წინადადება, რომ ევროკავშირში შესვლა, არააუცილებელი მიზნებით, კვლავაც შესძლონ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებმა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახლა ცდილობენ შეიმუშავონ მკაფიო სია ქვეყნებისა, რომლის მოქალაქეებიც უნდა მიიღოს ბლოკმა.

რატომ სურს ევროკავშირს თავისი საგარეო საზღვრების გახსნა?

მიზეზი მარტივია: ტურიზმის გამო.

ევროკავშირის შეფასებით, მთელი ბლოკის კომპანიების დაახლოებით მეათედი ტურიზმის სექტორში მოქმედებს. ამ 2,4 მილიონ კომპანიაში დაახლოებით 13,6 მილიონი ადამიანია დასაქმებული - მათგან ბევრი ევროკავშირის იმ სამ დიდ ქვეყანაში, რომელიც მძიმედ დააზარალა ვირუსმა: საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში.

სხვა სიტყვებით, ეს გადაწყვეტილება გარკვეულ პასუხებს გასცემს კითხვებს, რომლებიც საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით აწუხებთ სასტუმროების მფლობელებს, ტურისტულ სააგენტოებს, სანაპიროების ბარების მფლობელებს და, შესაძლოა უწინარესად, აეროპორტებს და სატრანსპორტო კომპანიებს.

რა პოზიციები აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს?

ბევრი და სხვადასხვაგვარი, თუმცა გარკვეული პროგრესი უკვე არის მიღწეული. ხუთი შეხვედრის შემდეგ, შემუშავებულ იქნა იმ ქვეყნების წინასწარი სია, რომლებსაც ევროკავშირმა 1 ივლისიდან უნდა გაუხსნას კარი. სია შეიცავდა 47 სახელმწიფოს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ევროპის 7 ქვეყანას - საქართველოს, ბოსნიას, მონტენეგროს და სერბიას, ისევე, როგორც 3 მიკროსახელმწიფოს - ანდორას, მონაკოს და ვატიკანს. მაგრამ 24 ივნისს გამართული შეხვედრის წინ, სია 29 სახელმწიფომდე შემცირდა. საქართველო ამ მეორე, შეკვეცილი სიიდან ამოიღეს - როგორც რადიო თავისუფლებას წყაროებმა უთხრეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა პანდემიას ჯერჯერობით კარგად გაუმკლავდა, კვლავ რჩება კითხვები ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების შესახებ.

წყაროები გვაცნობებენ, რომ 24 ივნისის შეხვედრას ქაოტური ხასიათი ჰქონდა, და შემდეგი შეხვედრა 26 ივნისისთვის დაინიშნა.

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრაზე შეძლებენ იმ 20-მდე ქვეყნის სიის შედგენას, საიდანაც მოქალაქეებს ბლოკი კარს გაუხსნის. თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეიძლება.

საქართველოს ძლიერი შანსი აქვს სიაში დაბრუნების, რადგან ამას ევროკავშირის ბევრი აღმოსავლელი წევრი ქვეყანა ითხოვს.

​შეთანხმების შემდეგ სიიდან შეიძლება ქვეყნები ამოვარდნენ, თუკი იქ სწრაფად გაუარესდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

რა კრიტერიუმით ხვდება ქვეყანა სიაში?

მკაფიო კრიტერიუმი კვლავაც არ არის განსაზღვრული, თუმცა არსებობს წინადადებები, რომლებსაც რადიო თავისუფლება გაეცნო და რომელშიც გარკვეული პარამეტრებია გამოკვეთილი.

მათგან ყველაზე მკაფიო პირობაა ის, რომ ქვეყანაში 2020 წლის 15 ივნისს ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის მსგავსი, ან მასზე უკეთესი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უნდა იყოს. ეს იზომება ინფექციის მაჩვენებლით, ანუ ბოლო 14 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვით, 100, 000 მცხოვრებთან შეფარდებით. ევროკავშირში ეს რიცხვი არის 16 (საქართველოში 2,2). თუმცა არსებობს სხვა კრიტერიუმიც - ქვეყანას უნდა ჰქონდეს ახალი ინფექციების სტაბილური ან კლებისკენ მიმდინარე ტენდენცია, მონაცემები სანდო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მოგზაურობის დროს უნდა იმოქმედოს ვირუსის შემაკავებელმა მექანიზმებმა. ამასთან, ბრიუსელი იკვლევს როგორი წესები აქვს დაწესებული მგზავრობაზე ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის მესამე ქვეყანას - სხვა სიტყვებით, იქნება თუ არა ზომები ორმხრივი, და რა ტიპის ინფორმაცია წარმოადგინა ქვეყანამ ტესტირების, დაკვირვების, კონტაქტების გამოვლენის, შეკავების, მკურნალობის და მონაცემების აღრიცხვის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი კი ინტერპრეტაციისთვის ტოვებს სივრცეს.

პროცესში ფაქტორია პოლიტიკაც. ზოგიერთი ქვეყანა უბრალოდ ლობირებს იმას, რომ გარკვეული სახელმწიფო სიაში მოხვდეს, ან არ მოხვდეს. ესპანეთს სურს სიაში მაროკო იხილოს, საფრანგეთს - თავისი ყოფილი კოლონიები, ალჟირი და ტუნისი. აშშ-ს არ გაახარებს იმის ხილვა, რომ ის სიიდან გამოტოვეს, მაშინ, როცა ჩინეთი და ინდოეთი სიაში იქნებიან და, სავარაუდოდ, ევროკავშირელ მოკავშირეებთან იმუშავებს სიაში რაიმე ფორმით მოსახვედრად.

კიდევ რა პრობლემები რჩება?

ბევრი. პირველ რიგში, ეს სია არ იქნება სავალდებულო და მას, უბრალოდ, რეკომენდაციის ხასიათი ექნება. და მას ბევრი ქვეყანა კი გაითვალისწინებს, თუმცა სხვებმა, მაგალითად დანიამ და პორტუგალიამ, უკვე განაცხადეს, რომ მას უგულებელყოფენ. მათ ამის უფლება აქვთ, რადგან საბოლოო ანგარიშით თავიანთი საზღვრების შესახებ გადაწყვეტილებებს ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები თავად იღებენ. პრობლემა კი ისაა, რომ ვითარება შეიძლება ძალიან აირიოს, რადგან ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის გარე საზღვრები საკუთრივ ბლოკის საზღვრებს ემთხვევა, და ცალმხრივი გადაწყვეტილებები საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირის უპასპორტო, შენგენის ზონის ერთიანობას.

ყველაზე დიდი პრობლემა კი არის ის, რომ კორონავირუსი კვლავაც არ არის მოქცეული კონტროლის ქვეშ. მსოფლიოს ბევრი ადგილიდან, ევროპის ჩათვლით, ვრცელდება ცნობები ინფიცირების შემთხვევების მატების შესახებ. საბოლოო ანგარიშით, შესაძლოა კვლავაც ცალკეული ქვეყნების გადასაწყვეტი გახდეს ის, თუ რა არის დასაცავი ახლა უწინარესად - მოქალაქეების ჯანმრთელობა, თუ ეკონომიკა.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG