Accessibility links

სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს ელისო კილაძე


„ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე

გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთამ დაკავშირებულ საქმეზე დაიბარეს სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურში. როგორც კილაძე ამბობ, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის გამომძიებელმა მას დაუკონკრეტა, რომ გამოკითხვა შეკვეთილი მკვლელობის გამოძიების საქმეს.

„ტვ პირველის“ ეთერში ელისო კილაძემ სუს-ში დაბარება „იმედზე“ გასულ ჟურნალისტ ოლეგ დეინეკასთან ინტერვიუს დაუკავშირა. როგორც კილაძე ამბობს, ის ცნობილია პრორუსული განწყობებით. დეინეკა გიორგი გაბუნიასა და ელისო კილაძეს ანტიპუტინური მოძრაობის კონტექსტში ასახელებს. ელისო კილაძე ამ ტიპის მოძრაობაში მონაწილეობას უარყოფს.

კილაძის თქმით, მას დეიენკამ უკრაინულ-ქართული მედიაპროექტის შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია სთხოვა, თუმცა მისი შეტყობინება რამდენიმეთვიანი დაგვიანებით ნახა. მიუხედავად ამისა, ტელეფონის ნომერი მაინც მისწერა, მაგრამ მას არავინ დაკავშირებია. ამ საკითხზე კილაძე „ფეისბუკზეც" წერდა.

12 ივნისს, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში, დააკავეს რუსეთის მოქალაქე მამაკაცი, ვასამბეკ ბოკოვი. სამიზნე, სავარაუდოდ, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო.

15 ივნისს „მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირებენ 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას. მაშინ გაბუნია „რუსთავი-2"-ში მუშაობდა და გადაცემა „პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან, მისი თქმით, „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG