Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ი: გამოძიებით გამოიკვეთა, რომ "მთავარმა არხმა" დეზინფორმაციული სიუჟეტი მოამზადა


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ გამოიძიეს და გამოიკვეთა, რომ "მთავარმა არხმა" 20 ივნისს დეზინფორმაციული სიუჟეტი მოამზადა. უწყებაში აცხადებენ, რომ მასალა, რომელშიც გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსით ინფიცირების სანაცვლოდ 10 ათას ლარამდე თანხის მიცემაზე იყო საუბარი, სიცრუეზე იყო აგებული.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ არხმა რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები "შეგნებულად არასწორად თარგმნა". არასწორად თარგმნა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გამორიცხა.

"ცალკეულ დაინტერესებულ ჟურნალისტებზე დაყრდნობით, მოამზადა დეზინფორმაციული შინაარსის სიუჟეტი... აღნიშნული ქმედებით ტელეკომპანია "მთავარი არხი", ერთის მხრივ შეეცდებოდა ხელისუფლების დისკრედიტაციას და დაადანაშაულებდა მას მიზანმიმართულ უკანონო ქმედებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოებაში დათესავდა დაუცველობის განცდას და მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირების გზით, უარყოფით ზემოქმედებას მოახდენდნენ მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა მათ სამართლიან პროტესტს და ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ რესპონდენტებმა გამოხატეს "დიდი უკმაყოფილობა და მოითხოვეს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება".

სადავო მასალა "მთავარ არხის" ეთერში 20 ივნისს გავიდა. მასალაში რესპონდენტები აცხადებდნენ, რომ გარდაცვალებულისთვის კოვიდადებითი სტატუსის ჩაწერის სანაცვლოდ მარნეულში ოჯახებს 10 ათას ლარს სთავაზობდნენ. ამ საქმეზე დღეს, 25 ივნისს უწყებაში სიუჟეტში მონაწილე რესპონდენტები მასალაშ მონაწილე რესპონდენტები სუს-ში გამოკითხეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ საქმის წარმოება კორონავირუსის შესახებ "ცრუ შეტყობინებების" გაგზავნის დროს დაიწყეს.

ამ მუხლით საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ არ გამორიცხავენ ამ საქმეზე "მთავარი არხის" ჟურნალისტების დაბარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG