Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმო შეშფოთებულია COVID-19-ის ზრდის ტენდენციით 11 ევროპულ ქვეყანაში


ჰანს ჰენრი კლუგე
ჰანს ჰენრი კლუგე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) შეშფოთებულია ახალი კორონავირუსის ზრდის ბოლო კვირის ტენდენციით ევროპის რეგიონის 11 ქვეყანაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპულ რეგიონში, რომელიც მოიცავს ცენტრალური აზიისა და დასავლეთ ევროპის შვიდ ტერიტორიას და 54 ქვეყანას, გლობალური მასშტაბით უფრო ნაკლებად არის გავრცელებული კორონავირუსი, ვიდრე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ევროპული რეგიონის დირექტორის, ჰანს ჰენრი კლუგეს 25 ივნისის ანგარიშში, რომელშიც კერძოდ ხაზგასმულია, რომ მრავალ ქვეყანაში საკარანტინო ზომების მოხსნის შემდეგ, კვლავ გაიზარდა COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევები.

ორგანიზაცია განსაკუთრებით საგანგაშო ტენდენციებს ხედავს 11 ქვეყანაში - აზერბაიჯანში, ალბანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, მოლდოვაში, სომხეთში, შვედეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და კოსოვოში.

„თუ რაიმე არ მოვიმოქმედეთ, ევროპის ჯანდაცვის სისტემები კვლავ გადატვირთული აღმოჩნდება“, - განაცხადა კლუგემ.

მან ყურადღება გაამახვილა „ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვების“ სისტემების განვითარებაზე, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი COVID-19-ის შემთხვევების გავრცელება.

პანდემიის განმავლობაში ევროპის რეგიონში დარეგისტრირებულია COVID-19-ით ინფიცირებული 2,6 მილიონი ადამიანი, დაავადების თვალსაზრისით გლობალური მაჩვენებლის ერთი მეოთხედი.

კორონავირუსით გარდაიცვალა 195 000 პაციენტი, ანუ ევროპის რეგიონზე მოდის გარდაცვალების მსოფლიო სტატისტიკის 40%.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ევროპის რეგიონში ყოველდღიურად თავს იჩენს ახალი კორონავირუსის 20 ათასი შემთხვევა, გარდაცვალების ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი 700-ს უდრის.

ჯანმოს ინფორმაციით, COVID-19-ის ინფექციის შემთხვევებმა მსოფლიოში 9,6 მილიონს გადააჭარბა, ხოლო ეპიდემიის შედეგად გარდაიცვალა 489 000 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG