Accessibility links

ნიუ-იორკ ტაიმსი: რუსეთის სამხედრო დაზვერვა თალიბებს ფულს სთავაზობდა ავღანეთში კოალიციის სამხედროების მოკვლისთვის


ავღანეთის უშიშროების სამსახურის საგუშაგო იმ ადგილთან, სადაც ორი ამერიკელი სამხედრო მოკლეს წინა დღით განგარჰარის პროვინციაში

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ოფიციალურ პირთა თანახმად, რუსეთის სამხედრო დაზვერვა (ГРУ) თალიბანთან დაკავშირებულ მებრძოლებს სთავაზობდა ფულს აშშ-ისა და კოალიციის ჯარის სამხედროთა მოსაკლავად, იტყობინება ნიუ-იორკ ტაიმსი, რომელიც ეყრდნობა წყაროს ამერიკის დაზვერვის სამსახურიდან.

გაზეთის 26 ივნისის გამოცემაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ რადიკალური ისლამისტები, ასევე მათთან დაკავშირებული შეიარაღებული დამნაშავეები ამგვარი ქმედებისთვის საჩუქრად ფულს იღებდნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის საიდუმლო დანაყოფისგან წარმატებული თავდასხმებისთვის.

ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ უარყო ცნობა და განაცხადა, რომ ეს არის "დაუსაბუთებელი და ანონიმური ბრალდებები".

თალიბანის მეთაურთა წარმომადგენლობამ 27 ივნისს განაცხადა, რომ გაერთიანება გადაჭრით უარყოფს გამოთქმულ მტკიცებას. ამავე განცხადებით, "თალიბანი არ არის დამოკიდებული საიდუმლო სამსახურის ან უცხო ქვეყნის ქველმოქმედებაზე და ის არავის საჭიროებს სამიზნის განსაზღვრისთვის".

შარშან ავღანეთში 20 ამერიკელი სამხედრო მოკლეს. არ არის ცნობილი, რომელი მათგანი გახდა ფულის სანაცვლოდ მკვლელობის მსხვერპლი. გაზეთის თანახმად, საიდუმლო გადახდის თაობაზე უკვე ცნობილია რამდენიმე თვეა.

ინფორმაცია, კერძოდ, მიღებული იქნა თალიბების დაკითხვის შედეგად. არ არის ცნობილი, ვინ დგას გადახდის უკან, მაგრამ ამერიკელი მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ამგვარ ოპერაციებს წარმართავს რუსეთის სამხედრო დაზვერვის საიდუმლო ქვეგანყოფილება, რომელიც ოფიციალურად იწოდება 29155-ე სამხედრო ნაწილად.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, რომ დასავლეთის დაზვერვის აზრით, ამ ქვეგანყოფილების მიერ ტარდება დასავლეთის დესტაბილიზაციის კამპანია დივერსიის - სხვადასხვა სახის ძირგამომთხრელი საქმიანობის და მკვლელობების გზით. ამ ქვეგანყოფილებაზეა ეჭვი, რომ თავს დაესხა სერგეი და იულია სკრიპალებს სოლსბერიში, 2018 წელს.

ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის დასაჩუქრების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს აშშ-ის შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და თემა განიხილეს სახელმწიფო უშიშროების კრებაზე. გაზეთის მონაცემებით, საპასუხო ზომების სია შეიცავს ოფიციალურ პროტესტებს, სანქციებს და სხვა ზომებს. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლებმა უარი თქვეს ინფორმაციის კომენტირებაზე. სახელმწიფო უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, პენტაგონმა, ასევე ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა (CIA) არ ისურვეს კომენტარის გაკეთება მტკიცებაზე, რომელზეც მოგვიანებით ვაშინგტონ პოსტიც იტყობინებოდა.

კოალიციის სამხედროთა მოკვლის ორგანიზება რუსეთის მხრიდან თალიბანის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გაძლიერება და, როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, დასავლეთის კოალიციის სამხედროებზე პირველი ცნობილი თავდასხმა იქნებოდა, რომელსაც რუსეთის დაზვერვა უკეთებს ორგანიზებას.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში არაფერი იციან ამგვარი ბრალდებების შესახებ და რომ, „თუ მათ წაგვიყენებენ, პასუხს გავცემთ“, განაცხადა პესკოვმა გაზეთის შეკითხვაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG