Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს ბიძინა ივანიშვილის ლობისტობაში ადანაშაულებს


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლობისტობაში ადანაშაულებს. ბრალდებების გასაჟღერებლად ნათელაშვილმა ბრიფინგი მას შემდეგ ჩანიშნა, რაც კნირშმა თქვა, რომ გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმების დოკუმენტში ნახსენები არ იყო.

"გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი რჩება მის [ივანიშვილის] ლობისტად და ამ კორუმპირებული რეჟიმის ერთადერთ დამცველად. ეს გახლავთ ელჩი, რომელიც ფანჯრიდან უყურებდა ახალგაზრდების დარბევასა და თვალების დათხრას და შემდეგ ამართლებდა "თვალთხარია გახარიას" დანაშაულებრივ მოვლენებს", - თქვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილმა კიდევ ერთი ბრალდება გააჟღერა და გერმანიის მთავრობას ელჩის გაწვევა მოსთხოვა:

"ის ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისაგან ისევე, როგორც ადრინდელი საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე, რომელიც გახდა ოფიციალური მილიონერი, ჩვენი ცოდვით, ფულებით. ამიტომ მე მივმართავ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, ბუნდესტაგს, გაიწვიეთ უკან ეს სამარცხვინო ელჩი, რომელიც საკუთარ ბიზნესზე მუშაობს".

გუშინ, 26 ივნისს გერმანიის ელჩმა 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან განმარტა, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და მასში კონკრეტული ადამიანები არ არიან დასახელებულები.

"8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება".

გიორგი რურუას გათავისუფლებას ოპოზიციური პარტიები რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვენ. ორშაბათს, 29 ივნისს კი საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი უნდა შეიცვალოს. ამ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა". პარტიები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, რაშიც, მათი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლებაც იყო გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG