Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ საქართველო შეიყვანა სარეკომენდაციო სიაში ქვეყნებისა, რომლებსაც 1 ივლისიდან საზღვრების ჩაკეტვა აღარ შეეხებათ


ევროკომისიამ 27 ივნისს მიიღო სია მესამე ქვეყნებისა, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვა აღარ შეეხებათ პირველი ივლისიდან და მასში შეიყვანა საქართველოც, რომელიც ერთი პერიოდი სიიდან ამოღებულ იქნა.

26 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მიერ მიღებული ჩამონათვალი ეხება 15 სახელმწიფოს, რომლებსაც ევროკავშირი რეკომენდაციას უწევს.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო ცალკეული სახელმწიფოებისთვის არ არის, მაგრამ ამარტივებს ორმხრივ შეთანხმებებს სახელმწიფოთა შორის.

საქართველოსთან ერთად ევროკავშირი რეკომენდლაციას უწევს კიდევ 14 სახელმწიფოს: ავსტრალიას, კანადას, იაპონიას, მონტენეგროს, ახალ ზელანდიას, რუანდას, სერბეთს, სამხრეთ კორეას და კიდევ რამდენიმე ქვეყანას, ასევე ჩინეთს, რომელსაც ერთი დათქმით - თვითონაც უნდა გადაედგა საპასუხო ნაბიჯი.

ევროკავშირის საზღვრები მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა.

ევროკომისია თავდაპირველად განიხილავდა სიას, სადაც 47 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც შედიოდა. 24 ივნისს საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ამოიღეს სიიდან.

საბოლოო ჯამში, სარეკომენდაციო სიაში, რომელიც 47-იდან 15 ქვეყნამდე შემცირდა, საქართველო კვლავ დაბრუნდა.

კომისია დასძენდა, რომ იმ მესამე ქვეყნების სია, რომლებთანაც სამგზავრო შეზღუდვები თანდათან მოიხსნება, ყოველ ორ კვირაში გადაისინჯება და სიას თანდათან სხვა ქვეყნებიც დაემატება.

გადაწყვეტილების მიღებისას დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) კრიტერიუმებს ითვალისწინებენ. სარეკომენდაციო სიაში არ მოხვდნენ, ანუ პირველი ივლისიდან ევროკავშირში მოგზაურობის საშუალება ჯერჯერობით არ მიეცემათ მოგზაურებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა აშშ და მექსიკა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, სამხრეთი აფრიკა, რუსეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ავღანეთი და სხვ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG