Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია: ჯერ რურუა, შემდეგ კენჭისყრა


საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით 29 ივნისის სხდომაზე უყრის კენჭს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ 29 ივნისს „ქართული ოცნება“, მულტიფრაქციულად, დამოუკიდებელი დეპუტუტების მხარდაჭერით ზედმიწევნით შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და მესამე მოსმენით აუცილებლად მიიღებს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს.

დავით მათიკაშვილი ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს, რადიკალურს, კრიმინალურს და სახედაკარგულს უწოდებს.

„ოპოზიციის ეს ნაწილი დეგრადირდა და კრიმინალურ ძალად იქცა“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა.

თუმცა, პარლამენტში წარმოდგენილი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ არ აპირებენ პოზიციის შეცვლას და 29 ივნისს, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას, თუ მანამდე პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ გიორგი რურუს, რომლის სასამართლო პროცესი 29 ივნისს, 11.00 საათზეა არის დანიშნული.

„ქართული ოცნება" კომუნისტების მემკვიდრე და მათი სულიერი მიმდევარია. ჩვენ ვართ ის ოპოზიცია, რომელიც შეცვლის ამ ხელისუფლებას, რომელიც მართლაც კრიმინალურია, რადგან იპარავს საბიუჯეტო ფულს. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, ხვალ 11 საათზე დანიშნულია რურუას სასამართლო სხდომა და, თუ ჭკუა აქვს ხელისუფლებას, უნდა გაათავისუფლოს ის. ასეთ შემთხვევაში, მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში. სხვა შემთხვევაში, მოუწევს ბიძინა ივანიშვილს ცვლილებების მიღებაც და რურუას გამოშვებაც“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომან გოცირიძემ.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძეც აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ ხელისუფლების მხრიდან 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი ბოლომდე შესრულდება:

„თუ გაათავისუფლებენ გიორგი რურუას და შესრულდება 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი ბოლომდე, მაშინ, როგორც ნათქვამი გვაქვს, მივიღებთ მონაწილეობას, თუ ამ შეთანხმების შესრულება არ მოხდება, მაშინ მონაწილეობას ბუნებრივია არ მივიღებთ“.

საკონსტიტუციო ცვლილებით, რომელსაც მესამე მოსმენით 29 ივნისს უყრიან კენჭს, ახალი მოწვევის პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან. ცვლილებების მიხედვით, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების ერთ პროცენტს მაინც მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG