Accessibility links

site logo site logo

"გვირაბი" გამარჯვებულია


კინოფესტივალ Underhill Fest-ზე, რომელიც მონტენერგროში იმართება, „საუკეთესო საერთაშორისო ფილმის“ ნომინაციაში გაიმარჯვა ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის სრულმეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა „გვირაბი“.

ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ მოგვითხრობს იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ბოლო 6 წლის განმავლობაში ვითარდებოდა ხარაგაულის რაიონში „მოლითის“ სარკინიგზო სადგურის გარშემო. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ამბიციური პროექტის დაწყებისთანავე პატარა სოფლებისა და იქაური მოსახლეობის ცხოვრების წესი თავდაყირა დგება.

„გადაღება 2014 წელს დავიწყეთ. თავიდან კონკრეტულად არ ვიცოდით, რა კონფლიქტებს წავაწყდებოდით. ლანდშაფტმა და რამდენიმე ჩინურმა წარწერამ მიიპყრო ჩვენი ყურადღება. დიახ, გარკვეულწილად გვესმოდა, რომ ეს იყო ძალიან ავთენტური გარემო, მძიმე სოციალური ფონით, სადაც დიდი მოლოდინების პარალელური სამყარო არსებობდა: ახალი რკინიგზა, ჩქაროსნული მატარებელი, სურვილი, გახდე დიდი სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი. ადაღებები დავიწყეთ და ნელ-ნელა ჩვენ თვალწინ უამრავი რამ შეიცვალა: ჩინელი მშენებელები ჩამოვიდნენ; აღმოჩნდა, რომ გეოლოგიური კვლევები სრულფასოვნად არ იყო ჩატარებული, მეწყერი ჩამოწვა. მერე გაირკვა, რომ სადგური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი დანგრევა არ შეიძლებოდა. ადამიანები ხუთი წლის განმავლობაში ელოდნენ, რომ მათი სახლები დაინგრეოდა, თუმცა, საბოლოოდ, რკინიგზის მარშრუტი შეიცვალა და ახლა საფრთხე სხვა სახლებს დაემუქრა. ყველაფერ ამასთან ერთად, ადგილობრივებსა და ჩინელ მშენებლებს შორის ენობრივი ბარიერი კიდევ უფრო დიდ არეულობას ქმნიდა“, - უთხრა ნინო ორჯონიკიძემ რადიო თავისუფლებას 2020 წლის 7 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში.

„გვირაბის“ მსოფლიო პრემიერა 2019 წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა.

„დარწმუნებული ვართ, რომ ფილმი „გვირაბი“ მომავალი თაობებისთვის დარჩება მნიშვნელოვან ისტორიულ მასალად, რომელიც, ერთი შეხედვით მარტივი თხრობით, ხსნის 21-ე საუკუნის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს“, – ნათქვამია Underhill Fest-ის ჟიურიის შეფასებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG