Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ევროკავშირში: გვინდა, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველთაგანი, ვისთანაც ევროკავშირი გახსნის მიმოსვლას


 საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ევროკავშირში ნატალი საბანაძე
საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ევროკავშირში ნატალი საბანაძე

ევროკომისია 24 ივნისს შემდეგ განიხილავს და ორშაბათს საბოლოოდ დაამტკიცებს სარეკომენდაციო სიამესამე ქვეყნებისა, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვა აღარ შეეხებათ პირველი ივლისიდან და მასში შეიყვანა საქართველოც, რომელიც ერთი პერიოდი სიიდან ამოღებულ იქნა. ჩამონათვალი ეხება 15 სახელმწიფოს, რომლებსაც ევროკავშირი რეკომენდაციას უწევს.

საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირში, ნატალი საბანაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ძალიან სწრაფად იცვლება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სხვადასხვა ქვეყანაში, ევროკავშირში ვითარება სტაბილურია, მაგრამ ყველგან ერთნაირი არ არის და, სამწუხაროდ, საქართველოს სამეზობლოში საკმაოდ რთულად მიდის პროცესები. „გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულად მიდის ევროკავშირში. ძალიან გაუჭირდათ შენგენის შიგნით მიმოსვლის გახსნა. ამაზე შეთანხმნენ ახლა და მიდის მსჯელობა, რომ მესამე ქვეყნებთან გაიხსნას მიმოსვლა“.

„ჩვენ შესაბამისად ველოდებით გადაწყვეტილებას და გვინდა ეს ქვეყანა იყოს ერთ-ერთი პირველთაგანი, ვისთანაც ევროკავშირი გახსნის მიმოსვლას“, ამბობს საბანაძე, რომლის შეფასებით, „ეს დღეები ევროპის კავშირის საბჭოში მიმდინარეობს საკმაოდ მძიმე და რთული მოლაპარაკებები და წევრი სახელმწიფოები ძალიან ფრთხილობენ“.

ელჩის თანახმად, ზოგმა სახელმწიფომ, სიის საბოლოოდ მიღებისთვის, ითხოვა მეტი დრო და ამ ეტაპზე ორშაბათისთვის გადაიდო საბოლოო შეთანხმება. ელჩის თანახმად, ეს სია ქვეყნებისა, რომლებთანაც პირველი ივლისიდან ევროკავშირი გახსნის მიმოსვლას, სარეკომენდაციოა და თარიღიც არის სარეკომენდაციო. საქართველო დაელოდება გადაწყვეტილებას და თვითონაც მიიღებს საპასუხო გადაწყვეტილებას შენგენის ზონის ქვეყნების მიმართ. როგორც ნატალი საბანაძემ განგვიმარტა, საქართველოს არ აქვს ვალდებულება საპასუხო ზომები მიიღოს, მაგრამ ამოქმედდება ნაცვალგების პრინციპი. რა თქმა უნდა, საქართველოს გადასაწყვეტი იქნება, რა პირობებით შეუშვებს ის ევროკაშირის მოქალაქეებს ქვეყანაში, თქვა ელჩმა.

ევროკავშირის საზღვრები მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა.

ევროკომისიამ თავიდანვე განაცხადა, რომ იმ მესამე ქვეყნების სია, რომლებთანაც სამგზავრო შეზღუდვები თანდათან მოიხსნება, ყოველ ორ კვირაში გადაისინჯება და სიას თანდათან სხვა ქვეყნებიც დაემატება.

გადაწყვეტილების მიღებისას დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) კრიტერიუმებს ითვალისწინებენ. სარეკომენდაციო სიაში არ მოხვდნენ, ანუ პირველი ივლისიდან ევროკავშირში მოგზაურობის საშუალება ჯერჯერობით არ მიეცემათ მოგზაურებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა აშშ და მექსიკა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, სამხრეთი აფრიკა, რუსეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ავღანეთი და სხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG