Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: სასურველია, საქართველოში გერმანიას უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს


"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია კიდევ ერთხელ უწოდებს გერმანიის ელჩს "თარგმანში დაკარგულს" და გამოცდილებას უწუნებს. ამის შესახებ მან დღეს, 29 ივნისს კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"მე და ჩემი გუნდი გერმანიის ელჩის ქვეყნიდან გაწვევას არ ვითხოვთ. უბრალოდ, წუხილი გამოვთქვით და შევედით მის მდგომარეობაში, რომ თარგმანში დაკარგული იყო და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კარგია, როცა დიპლომატებს მეტი გამოცდილება აქვთ ხოლმე და მას ეს არ ეყო... სასურველია, რომ ასეთ მნიშვნელოვან მოთამაშეს და ასეთ მეგობარს, როგორიც გერმანიაა, საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყავდეს", - თქვა ბოკერიამ.

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის მიმართ ოპოზიციის კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან 8 მარტის შეთანხმებაზე ისაუბრა. ელჩმა თქვა, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და მასში კონკრეტული ადამიანები არ არიან დასახელებულები. ოპოზიციის კრიტიკა სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია.

"8 მარტის შეთანხმებები მაშინვე გახდა საჯარო. ისინი ორ ტექსტშია ასახული, რომელიც ინტერნეტში დევს და რომლის შესახებაც ყველამ იცის. სავსებით ცხადია, რომ იქ ბატონი რურუა და სხვა ადამიანები დასახელებულნი არ არიან. ეს სრულიად ცხადია. ახლა მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ცვლილებების მიღება", - ამბობდა ელჩი.

გიორგი რურუას გათავისუფლებას ოპოზიციური პარტიები რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვენ. სწორედ ამიტომ არ მიიღეს მათ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების პროცესში მონაწილეობა. პარტიები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, რაშიც, მათი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლებაც იყო გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG