Accessibility links

site logo site logo

სოცაგენტები გაფიცვას გეგმავენ


ასამდე სოციალური აგენტი 2 ივლისიდან გაიფიცება, თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს. სოცაგენტებმა გაფიცვის შესახებ ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინეს. სოციალური აგენტები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

საქართველოში სულ 250-მდე სოციალური აგენტია. მათი ხელფასი 80 ლარს შეადგენს, პლუს თითოელ შევსებულ დეკლარაციაზე 4.80 ლარი.

ქალაქში შეიძლება თვეში 500-600 ლარი გამოგვივიდეს, რაიონებში - დაახლოებით, 300 ლარი“, - ამბობს სოციალური აგენტი გიორგი ფურელიანი.

აგენტის მოვალეობაა შეამოწმოს, რამდენად ეკუთვნის ოჯახს შემწეობა. ამისთვის ის გამოკითხავს ოჯახის წევრებს და შევსებულ დეკლარაციას განსახილველად სამინისტროში გზავნის. დეკლარაცია რვაგვერდიანია. მის შევსებასა და სახლის დათვალიერებას 40 წუთიდან 2 საათამდე დრო სჭირდება.

„ხშირად, ოჯახში რომ შევდივართ, განცდა გვიჩნდება, რომ ჩვენი პირობები მათზე გაცილებით ცუდია“, - ამბობს სოციალური აგენტი თამარ თამაზაშვილი.

თითო ოჯახის შეფასება 4.80 ლარი ღირს. განსაკუთრებით რთულია მუშაობა რეგიონში, სადაც ერთი ოჯახი შეიძლება ერთ მთაზე ცხოვრობდეს, მეორე - მეორეზე.

წელიწად-ნახევარი მთელ დუშეთის რაიონში მხოლოდ მე ვიყავი, ახლა ოთხნი ვართ. ერთხელ მუცოში (პირიქითა ხევსურეთი) ვიყავით, სადაც მხოლოდ ერთი ოჯახის გამოკითხვა მოვასწარით. უკანა ფშავში, მაგალითად, გზა არ მიდის. სოფელ ბლოში 8 კილომეტრი ფეხით უნდა იარო. ცხენითაც მივსულვართ. ფშავში და ხევსურეთში რომ მივდივართ, დღეში, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 8 ლარს გამოვიმუშავებთ“, - ამბობს გიორგი აფციაური და ამატებს, რომ იქ, სადაც მანქანა მიდის, საწვავის ხარჯი მათი გადასახდელია და ეს თანხა ხანდახან 300 ლარს აღწევს.

სოცაგენტების პირობების გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად პროფესიულმა კავშირმა „სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა.

უარს აცხადებენ პროფკავშირთან შეხვედრაზე. როგორც იტყვიან, „ჩალიჩობენ“, რომ მოატყუონ ეს ხალხი და იურისტისა და პროფკავშირის გარეშე შეხვდნენ, რაზეც ჩვენ თანახმა არა ვართ“, - ამბობს „სოლიდარობის ქსელის“ იურისტი, დავით ომსარაშვილი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელძღვანელი, გიორგი წოწკოლაური, სოცაგენტებს ჰპირდება, რომ 1 ივლისიდან მათ ხელფასს 100 ლარი დაემატება. განმარტავს ასევე, რომ შეიქმნება სარეკომენდაციო ჯგუფი, რომელშიც მხოლოდ სააგენტოს თანამშრომლები შევლენ.

მოთხოვნები, რაც ჰქონდათ სოცაგენტებს, იყო ხელფასის ეტაპობრივი ზრდა და ამ ეტაპზე რისი შესაძლებლობაც ჰქონდა ბიუჯეტს, ის გაკეთდა. ასევე, მათი წუხილი იყო ერთთვიანი სამუშაო კონტრაქტები და ამაზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კონტრაქტები იქნება უფრო ხანგძლივი“, - ამბობს გიორგი წოწკოლაური.

სოცაგენტები კი განმარტავენ, თუ რატომ არ მოსწონთ ეს წინადადება.

„13 წელია, ჩვენი ხელფასი არ გაზრდილა და წარმოიდგინეთ, ამდენი ხნის განმავლობაში რამდენი დაპირება იყო“, - ამბობს გიორგი ფურელიანი.

სოციალური აგენტები აცხადებენ, რომ სააგენტოსთან მოლაპარაკებას მხოლოდ პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად დაიწყებენ. მათ მოთხოვნებს ეხმიანება ასევე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. EMC საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, უარს ამბობს საკუთარი დასაქმებულებისთვის ბაზისური შრომითი პირობები შექმნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG