Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ელჩს მხარდაჭერას უცხადებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა პატივისცემას უდასტურებს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს.

„სწორედ მათ კეთილსინდისიერ საქმიანობას და პროფესიონალიზმს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და გვეხმარება ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, აღმშენებლობასა და საქართველოს კეთილმეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებაში“, - ნათქვამია 30 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომლითაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება გერმანიის ელჩის შესახებ ევროკავშირის განცხადებას. 29 ივნისს ევროკავშირმა დაგმო საჯარო კომენტარების ფორმით გერმანიის ელჩზე თავდასხმები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ელჩები წარმოადგენენ საკუთარ სახელმწიფოებს და შესაბამისად, მათზე თავდასხმა ამ სახელმწიფოების შეურაცხყოფაა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს საჯარო კომენტარებს საქართველოს მეგობარი ქვეყნის, გერმანიის ელჩის მიმართ: „ბატონი ჰუბერტ ქნირში საკუთარი ქვეყნის ღირსეული წარმომადგებელია და მაღალპროფესიულად ემსახურება საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის გაღრმავებას და ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების პროცესს. მიგვაჩნია, რომ ელჩის წინააღმდეგ მსგავსი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება სწორედ ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებელს უწოდებს „უპასუხისმგებლო ქმედებებს, რასაც ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების, მედიის თუ საზოგადოების ცალკეული წარმომადგებლების მხრიდან ადგილი აქვს დიპლომატიური კორპუსის მისამართით“ და ქართველი დიპლომატების სახელით მხარდაჭერას უცხადებს ქვეყანაში მოღვაწე ყველა დიპლომატს მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა გერმანიის ელჩის განცხადებას, რომ საარჩევნო საკითხებზე 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ არის. ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გერმანიის ელჩს ბრალი დასდო ბიძინა ივანიშვილის ლობისტობაში. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჰუბერტ კნირშს თარგმანში დაკარგული უწოდა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ელჩმა დიპლომატიური შეცდომა დაუშვა. ოპოზიციის ეს ნაწილი აცხადებს, რომ პატიმრობიდან გიორგი რურუას გათავისუფლება დიპლომატების შუამავლობით "ქართულ ოცნებასთან" მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

XS
SM
MD
LG