Accessibility links

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პოლიციელის სასამართლო პროცესი მარტში გაიმართება


მოსამართლემ აშშ-ის მინესოტის შტატში მარტისთვის დანიშნა იმ ოთხი პოლიციელის სასამართლო, რომელთაც ბრალი ედებათ აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში მისი დაკავების დროს.

მოსამართლე პიტერ კეჰილმა მხარეები გააფრთხილა, რომ თავი შეიკავონ ამ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების მედიაში გაჟონვისგან.

თეთრკანიან პოლიციელ დერეკ შოვენს, რომელსაც, როგორც ეს ვიდეოზეა აღბეჭდილი, ცხრა წუთის განმავლობაში ჰქონდა მუხლი დაჭერილი ფლოიდის კისერზე, მეორე და მესამე ხარისხის მკვლელობაში ედება ბრალი. დანარჩენი პოლიციელები დახმარებასა და მკვლელობაში ხელშეწყობაში არიან ბრალდებული.

25 მაისს ფლოიდის სიკვდილიდან ერთ დღეში ოთხივე პოლიციელი გაათავისუფლეს მინეაპოლისის პოლიციის რიგებიდან. თითოეულს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ფლოიდის სიკვდილის ვიდეომ შეაძრწუნა ამერიკელები და ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები, ასევე რასიზმისა და პოლიციის სისასტიკის შესახებ დებატები გამოიწვია როგორც ამერიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG