Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საქართველოსთან 1 ივლისიდან იწყებს საზღვრის გახსნას


ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ, ევროპულმა საბჭომ, 30 ივნისს მიიღო რეკომენდაცია, რომელიც 1 ივლისიდან ევროკავშირთან თავისუფალ მიმოსვლაზე დროებითი შეზღუდვის თანდათანობით მოხსნას ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის.

15 ქვეყნის სიაში, რომელიც ევროკავშირის საიტზეა გამოქვეყნებული, შედის საქართველოც, როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

ჩამონათვალში საქართველოს გარდა შედიან: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთი კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

რაც შეეხება ჩინეთს, მასთან მიმოსვლა სურვილის თანხვედრის შემთხვევაში აღდგება.

ევროკავშირის საზღვრები მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა. ევროკომისიამ თავიდანვე განაცხადა, რომ იმ მესამე ქვეყნების სია, რომლებთანაც სამგზავრო შეზღუდვები თანდათან მოიხსნება, ყოველ ორ კვირაში გადაისინჯება და სიას თანდათან სხვა ქვეყნებიც დაემატება.

გადაწყვეტილების მიღებისას დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) კრიტერიუმებს ითვალისწინებენ.

სარეკომენდაციო სიაში არ მოხვდნენ, ანუ პირველი ივლისიდან ევროკავშირში მოგზაურობის საშუალება ჯერჯერობით არ მიეცემათ მოგზაურებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა აშშ და მექსიკა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, სამხრეთი აფრიკა, რუსეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ავღანეთი და სხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG