Accessibility links

ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნებიდან" არჩეული დეპუტატი "ევროპული საქართველოს" წევრი გახდა


თემურ კახიძე(მარცხნივ) "ევროპული საქართველოს" გენერალურ მდივან გიგი უგულავასა და პარლამენტის დეპუტატ ოთარ კახიძესთან ერთად

ბათუმის საკრებულოს წევრად „ქართული ოცნებიდან“ არჩეული თემურ კახიძე პარტია „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა. ოპოზიციური პარტიის ახალი წევრი დღეს ბათუმში წარადგინა „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

თემურ კახიძე, რომელიც თვითმმართველობის ბოლო, 2017 წლის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-11 ნომერი იყო, ბათუმის საკრებულოს წევრი 2019 წლის აპრილში გახდა, მას შემდეგ, რაც სიის მე-10 ნომერმა ირაკლი მიქელაძემ საკრებულო საკუთარი სურვილით დატოვა. კახიძე ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა.

როგორც თემურ კახიძემ განაცხადა, საკრებულოს წევრად რჩება, თუმცა, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. კახიძე ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოში“ მისთვის მისაღები ღირებულებების გამო გაწევრიანდა.

ოპოზიციური პარტიის წევრად თემურ კახიძის ოფიციალურად წარდგენამდე „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თემურ კახიძე პარტიიდან და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხულია „მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით“.

თემურ კახიძემ ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად 2019 წელს, საპროტესტო აქციების ფონზე, მხარი დაუჭირა პროექტ „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გენერალურ გეგმას. პროექტს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ზონაში ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი აფინანსებს. "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა წევრმა დღეს თქვა, რომ პროექტ „რივიერას“ განხორციელებას მხარს ისევ უჭერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG