Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორი ჟურნალისტ პროკოფიევასთვის ექვსი წლით პატიმრობას ითხოვს


ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ექვსწლიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა ფსკოველი ჟურნალისტის, სვეტლანა პროკოფიევასთვის, რომელსაც ტერორიზმის გამართლებაში ედება ბრალი.

პროკურატურა ასევე ითხოვს, რომ განსასჯელს 4 წლის აეკრძალოს ჟურნალისტური საქმიანობა.

სვეტნალა პროკოფიევას საქმეს იძიებს ფსკოვის საოლქო-სამხედრო სასამართლო, სადაც პარასკევის სხდომა მხარეთა კამათს ეთმობა.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ფრილანსერ ჟურნალისტ სვეტლანა პროკოფიევას წინააღმდეგ რუსეთის პროკურატურამ 2019 წლის თებერვალში აღძრა საქმე ტერორიზმის გამართლების მუხლით, რაც შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ტერორიზმის გამართლებას“, ბრალდების თანახმად, შეიცავს 2018 წლის ნოემბრის სტატია, რომელიც გამოაქვეყნა რადიო „ეხო მოსკვის“ ფსკოვის ფილიალმა.

ამ წერილში პროკოფიევა ლაპარაკობდა ჩრდილოეთის ქალაქ არხანგელსკში უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფისების წინ განხორციელებულ თავდასხმაზე.

რუსეთის მედია მაშინ იუწყებოდა, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 17 წლის მიხაილ ჟლობნიცკი, რომელიც აფეთქებისას დაიღუპა, სოციალური მედიით უშიშროების სამსახურს სისხლის სამართლის საქმეების გაყალბებაში ადანაშაულებდა.

თავის წერილში პროკოფიევამ ამ მოზარდის განცხადებები დაუკავშირა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირობებში შექმნილ პოლიტიკურ კლიმატს.

მისი აზრით, პოლიტიკური საქმიანობა ქვეყანაში მკაცრად არს შეზღუდული, რასაც ხალხი სასოწარკვეთამდე მიჰყავს.

„შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ რუსეთი ასე დაუნდობლად ეპყრობა ერთობ აღიარებულ დამოუკიდებელ ჟურნალისტს, რომელიც იმის საპირისპიროს აკეთებდა, რასაც პროკურატურა ამტკიცებს“, წერია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მოქმედი პრეზიდენტის, დეიზი სინდელარის განცხადებაში, რომელიც 3 ივლისს გამოქვეყნდა. სინდელარის თანახმად, პროკოფიევას სასამართლო "საჩვენებელი პროცესების ყველაზე ცუდ მაგალითებს გვახსენებს, რომლებიც იმართებოდა რუსეთის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ეპოქაში".

პროკოფიევას საქმეს დიდი საერთაშორისო რეზონანსი ახლავს.

უფლებადამცავმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა პროკოფიევას გასამართლებას უწოდა აზრის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, მაგრამ „არა მხოლოდ მისი“.

ავტორიტეტულმა გაერთიანებამ, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI), ჟურნალისტ სვეტლანა პროკოფიევას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG