Accessibility links

არღვევს ტიკარაძე დაპირებას? - მინისტრი პარლამენტში ივნისის ბოლოსაც არ მივიდა


ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს. 3 ივნისს პარლამენტში მისვლაზე მან უარი თქვა და დეპუტატებს აცნობა, რომ შეხვედრის თარიღად, საორიენტაციოდ, "ივნისის თვის ბოლო კვირა" განეხილათ. ივნისში ამ მოწვევის პარლამენტმა, თუ რიგგარეშე სხდომებს არ ჩავთვლით, მუშაობა დაასრულა, ჯანდაცვის მინისტრი კი დათქმულ დროს პარლამენტში არ გამოცხადდა.

"​წესით უნდა მოსულიყო" - ასე პასუხობს რადიო თავისუფლების კითხვას, დაარღვია თუ არა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის რეგლამენტი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე და აზუსტებს, რომ კონკრეტულ თარიღზე მინისტრთან შეთანხმება არ მომხდარა.

"პარლამენტს რეგლამენტი არის კანონი. ტიკარაძე ამ შემთხვევაში არის მინისტრი, რომელიც არღვევს კანონს. კანონში არ არის გათვალისწინებული მინისტრის არმოსვლაზე სანქცია იმის გამო, რომ აქ არ დგება კითხვა, უნდა მოვიდეს თუ არა მინისტრი. ნორმალურ ქვეყანაში ასეთი საკითხი იწვევს იმპიჩმენტის წამოწყებასაც", - ამბობს ლევან კობერიძე, უფრაქციო დეპუტატების წარმომადგენელი, რომელიც იმ დეპუტატებს შორის იყო, ვინც მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვდა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გურამ მაჭარაშვილი ადასტურებს, რომ მინისტრი ვალდებულია მივიდეს კომიტეტის სხდომაზე, თუ მას დეპუტატი დაიბარებს. კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში ცალკეული მინისტრის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება შეუძლებელია.

"არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ არცერთი მინისტრისთვის და ნებისმიერი თანამდებობის პირისთვის არ იქნება უმნიშვნელო, თუ გაჟღერდება პარლამენტისგან, რომ რეგლამენტი სისტემატიურად ირღვევა", - ამბობს მაჭარაშვილი.

კითხვაზე, რატომ დაარღვია მინისტრმა რეგლამანეტი, ჯანდაცვის სამინისტრო რადიო თავისუფლებას არ პასუხობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG