Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩანა შენგელიას დავა თეა წულუკიანთან საკონტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება


ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის იმ ბრძანებას, რომლითაც ნოტარიუსებს გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდათ. მის უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

"ნოტარიუსის ფეისბუქის პირად გვერდზე პოლიტიკური სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვის გამო ნოტარიუსის დასჯა არის არაპროპორციული ღონისძიება და წარმოადგენს ნოტარიუსის, როგორც საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებაში მძიმე ფორმით ჩარევას. ასეთი ღონისძიება ვერ იქნება გამართლებული ვერცერთი ლეგიტიმური მიზნით", - განმარტავენ საია-ში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსებს შეზღუდვა 2020 წლის 22 მაისს გამოცემული ბრძანებით დაუწესა. ბრძანების თანახმად, ნოტარიუსს ევალება პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით მხოლოდ ნეიტრალური შინაარსის განცხადებების კეთება, ხოლო პოლიტიკური განცხადებების კეთება, მათ შორის, პირად facebook-გვერდზე, აკრძალულია.

"აღნიშნული ნოტარიუსის გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას", - ვკითხულობთ საია-ს გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გამოხატვის შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით და, შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით მსგავსი რეგულაცია ვერ დაწესდება. მოსარჩელე მხარე ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას არსებითი სხდომის გამართვის გარეშე მიიღებს, რადგან ამავე სასამართლომ უკვე დაადგინა მსგავსი საქმეების არაკონსტიტუციურად ცნობის პრაქტიკა.

სწორედ ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო და საქმიანობა შეუჩერა.

თავად შენგელია დისციპლინური წარმოების დაწყებას "ვითომ სამართლებრივ" პროცესს უწოდებდა და დედის, ია კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას უკავშირებდა. მან ეს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც წაიღო.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი, ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. მისი განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.

საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს. 23 აგვისტოს კი პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG