Accessibility links

ტერიტორია, სადაც შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე იმალებოდა, დამწვარია - ადვოკატი


ტერიტორია, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, დამწვარია. მისი განცხადებით, ტერიტორია მან 5 ივლისს დაათვალიერა:

„ფერადი ჯიხურის გვერდით, ის ტერიტორია, სადაც, სავარაუდოდ, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, არის დამწვარი. ეს შემთხვევით მოხდა თუ განზრახ, არ ვიცი. საუბარია იმაზე, რომ იმ ტერიტორიებზე იმალებოდა ამირხანაშვილი. იქ შეიძლებოდა ყოფილიყო დნმ-ს კვალი და ა.შ. დღეს ეს ადგილი დამწვარია. ფაქტია, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას სძენს ამ საქმეს“.

გიორგი გელხაურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს კიდევ ერთი ბრალდებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი, გიორგი ყიფშიძე. მისი სიტყვებით, 4 ივლისს, დილით, როდესაც ის თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდა, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც, სავარაუდოდ, გურამ ამირხანაშვილი ემალებოდა მდევრებს, ხანძარი შენიშნა:

„მანქანაც გავაჩერე. უკვე მოქალაქე იძახებდა სახანძროს. ჩემი თვალით ვნახე, რომ იწვოდა. თუმცა, დაიწვა თუ რა მოხდა, აღარ ვიცი, რადგან წუხელ გვიან, საპირისპირო მხარეს გამოვიარე და აღარ დამინახავს, საბოლოოდ რა მოხდა“.

შევიდა თუ არა სახანძრო სამსახურში შეტყობინება თბილისი-ლესელიძე-სენაკის მაგისტრალიდან, მცხეთის ტერიტორიიდან, უფრო კონკრეტულად კი იმ ტერიტორიიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ხანძართან დაკავშირებით? ზუსტად რა ტერიტორია დაიწვა? რა ფართობი? რას ეკიდა ცეცხლი? რამდენ ხანში მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია? რამ გამოიწვია ხანძარი? - ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართა.

როგორც უწყებაში განგვიმარტეს, ამ კითხვებზე პასუხების მოძიებას გარკვეული დრო სჭირდება და როგორც კი ინფორმაცია მზად იქნება, მოგვაწვდიან.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG