Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაკოალიცია მხარს უჭერს "ნეტგაზეთს", სახელმწიფოს კი მედიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს


კოალიციაში "მედიის ადვოკატირებისთვის" შემავალი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კვლავ იყენებს ბერკეტებს მედიასაშუალებების წინააღმდეგ და ამის მაგალითად "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დისკრედიტაციის მცდელობას ასახელებენ. კოალიციამ მედიასაშუალებების მხარდამჭერი განცხადება დღეს, 6 ივლისს გაავრცელა.

განცხადებაში კომუნიკაციების კომისიის მედიაკრიტიკის პლატფორმაზე 5 ივლისს გამოქვეყნებულ მასალაზეა საუბარი, სადაც "ნეტგაზეთი" "ცალმხრივად გამჭვირვალედ" არის მოხსენიებული. ეს მასალა პლატფორმა "მედიაკრიტიკამ" კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებაზე მომზადებული მასალის საპასუხოდ გამოაქვეყნა. "მედიაკრიტიკა" კომუნიკაციების კომისიის მიერ შექმნილი მედიაკრიტიკის პლატფორმაა. როგორც "მედიაჩეკერმა" დაწერა, ამ პლატფორმის წლიური ბიუჯეტი 290 395 ლარია.

"დეზინფორმაციასა და "ფეიკ ნიუსს" ზოგჯერ სწორედ ის მედიასაშუალებები ავრცელებენ, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა მოგვიწოდებენ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ... ["ნეტგაზეთის"] ზემოხსენებული მასალა არის პასუხის მცდელობა კომუნიკაციების კომისიის 30 ივნისის განცხადებაზე, სადაც კომისია, თავის მხრივ, ეხმიანება მედიისა და არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის მიმართვას "ფეისბუკის" ადმინისტრაციისადმი, გაასაჯაროოს დეტალური ინფორმაცია ამ სოციალურ პლატფორმაზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამისა და დაფინანსებული გვერდების შესახებ", - ვკითხულობთ "მედიაკრიტიკაზე".

"მედიაკრიტიკას", რომელიც "ნეტგაზეთის" ცალმხრივობაზე საუბრობს, მედიაკოალიციის შეფასებით, შესაძლოა თავად ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი:

"კრიტიკულ საკითხებზე მარეგულირებელი ორგანოს სხვა ამოცანების გამყარებისათვის მასალების დამთხვევა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს და აჩენს კითხვის ნიშნებს მასალის სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ".

კოალიცია იხსენებს "ქართული ოცნების" წევრის, ლადო მგალობლიშვილის მხრიდან "ნეტგაზეთის" გაერთიანებაში შემავალი მედიასაშუალების "ბათუმელების" მიმართ კომენტარსაც - მან მასზე მომზადებული მასალა "ფეიკ ნიუსად" შეაფასა.

"აღსანიშნავია, რომ ორივე თავდასხმის შინაარსი საერთოა. აღმოჩნდა, რომ კომუნიკაციების კომისიაც და მმართველი პარტიის წარმომადგენელიც ერთნაირად ცდილობენ წარმოაჩინონ მედიასაშუალებები, როგორც ფეიკნიუსების შემქმნელი და ამ გზით სურთ ობიექტური და მიუკერძოებელი პლატფორმების დისკრედიტაცია. თავდასხმების იდენტური შინაარსი და დამთხვევა, კიდევ უფრო გვიძლიერებს ეჭვებს, რომ სახელმწიფო იყენებს ბერკეტებს გამორჩეულად მაღალი სტანდარტის მედიაპლატფორმების "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" წინააღმდეგ", - ვკითხულობთ მედიაკოალიციის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG