Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვებს დაწესება შესაძლოა 2021 წლამდე გახდეს შესაძლებელი


პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა კანონპროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში 2021 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება იმ საკანონმდებლო ცვლილების მოქმედების ვადა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობას შესაძლებლობებს აძლევს, საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს შეზღუდვები.

საქართველოს პარლამენტმა 22 მაისს, საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვის დღეს, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა და მთავრობას უფლებამოსილება მისცა, რიგი საკონსტიტუციო უფლებები 15 ივლისამდე შეეზღუდა. ამ რეგულაციით მთავრობას უფლება აქვს, შეზღუდოს საკუთრებისა და გადაადგილების უფლება.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ბიუროს სხდომაზე ილაპარაკა ვიცე-სპიკერმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„იყო ათასგვარი სპეკულაციები არჩევნებთან დაკავშირებით, ხან გადმოწევაზე და ხან გადაწევაზე საუბრობდნენ. ამას არავინ აპირებს. ჩვენ უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს არჩევნები და არ უნდა დაგვჭირდეს არცერთ შემთხვევაში პატარა პრობლემის შექმნის გამო სექსტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამიტომ უნდა არსებობდეს რეგულაციები, რომელიც მოგვცემს საშუალებას პატარა აფეთქების თუ ეპიდსიტუაციის დამძიმების სიტუაციაში ამ საკანონმდებლო რეგულაციებმა მისცეს ეფექტიანი მენეჯმენტის საშუალება ხელისუფლებას, როგორც მას დღემდე ვახერხებდით. ეს არის მთავარი მიზეზი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ცვლილების მიზანია, „2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეული, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის აუცილებელი საშუალებაა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG