Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის პოლიცია იძიებს იყო თუ არა პოლიტიკური მოტივი რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებლის მკვლელობაში


მამიხან უმაროვი
მამიხან უმაროვი

ავსტრიის პოლიცია იძიებს იყო თუ არა პოლიტიკური მოტივი რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებლის ვენის შემოგარენში მკვლელობაში.

მანამდე პოლიცია იუწყებოდა, რომ 43 წლის მამაკაცი 4 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს ვენის შემოგარენში, გერასდორფში მდებარე სავაჭრო ცენტრთან ახლოს. მკვლელობასთან კავშირის გამო ორი მამაკაცი დააპატიმრეს.

ავსტრიის პოლიციას მოკლულის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა ჩეჩნური დიასპორიდან წყაროებმა რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ საქმე ეხება მამიხან უმაროვს, ყოფილ ჩეჩენ სეპარატისტს და ჩეჩნეთის ამჟამინდელი ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკოსს.

საქმეს იძიებენ ავსტრიის რეგიონული დაზვერვა და ანტიტერორისტული სააგენტო. ანტიტერორისტული სააგენტოს ხელმძღვანელი, როლანდ შერშერი ამბობს, რომ მკვლელობა შესაძლოა პოლიტიკური მოტივით, ან უთანხმოების საფუძველზე იყოს ჩადენილი.

პირველადი ცნობების მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელს თავში ესროლეს და ის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანის მისვლამდე გარდაიცვალა. მის გვამს ექსპერტიზა უტარდება.

ავსტრიის პოლიციამ 6 ივლისს გამოაცხადა, რომ მსხვერპლს უარი ჰქონდა ნათქვამი საპოლიციო დაცვაზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შესთავაზეს მას ამ ფორმით დაცვა.

მკლელობაში ეჭვმიტანილი, რომელსაც ავსტრიის პოლიცია მხოლოდ რუსეთის მოქალაქედ ასახელებს, მკვლელობიდან რამდენიმე საათში, ლინცში დააკავეს, მასშტაბური საპოლიციო ოპერაციის შედეგად.

მეორე ეჭვმიტანილი, ასევე რუსეთის მოქალაქე, პოლიციამ 5 ივლისს დააკავა, თუმცა მას პირველ ეტაპზე მოწმედ მიიჩნევდნენ. მის შესახებ დეტალები არ არის დაკონკრეტებული.

ვენაში რუსეთის საელჩოს პრესმდივანმა სახელმწიფო სააგენტო TASS-ს უთხრა, რომ მას არავინ დაკავშირებია მკვლელობის, ან რუსეთის მოქალაქეების დაპატიმრების გამო.

უმაროვს იცნობდნენ "ვენელი ანზორის" სახელით, ის ავსტრიაში 2005 წელს ჩავიდა და ორი წლის შემდეგ თავშესაფარი მიიღო.

ინტერვიუებში და სოციალური მედიით გამოქვეყნებულ ტექსტებში ის თავს მებრძოლად ახასიათებდა და ამბობდა, რომ გვიანდელ 1990-იან წლებში მსახურობდა ყოფილი დე-ფაქტო დამოუკიდებელი ჩეჩნეთის იჩქერიის სახელმწიფოს უშიშროების სამსახურში.

უმაროვი რუსეთის უშიშროების ძალებს ხშირად ადანაშაულებდა ევროპის ქვეყნებში ჩეჩნეთის ყოფილი სეპარატისტების მკვლელობებში და ზოგჯერ აქვეყნებდა აუდიოჩანაწერებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, ასახავდა ოფიციალური პირების მიერ ამგვარი გეგმების განხილვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG