Accessibility links

სამადაშვილი: "ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა საფრთხეს უქმნის დახმარებას დასავლეთიდან"


„ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის კონგრესმა დააწესა უკვე სანქცია ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული და ავტოკრატიული რეჟიმისათვის“ - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის ქვეკომიტეტის მიერ დამტკიცებულ პროექტს საქართველოსთვის გამიზნული დახმარების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით.

სამადაშვილის თქმით, ეს დააზარალებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და სწორედ იმ დროს, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დახმარება. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ უპრეცედენტო ფაქტს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის „კორუმპირებული მმართველობის“ შედეგად თვლის.

„თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და მსოფლიოში არის ასევე უმძიმესი კრიზისი, ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის იმას, რაზეც ჩვენ დღეს ბევრად უფრო მეტად ვართ დამოკიდებული, ვიდრე ოდესმე - დახმარებას დასავლეთიდან, დახმარებას ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისგან... 30-წლიანი ურთიერთობების ისტორიის მანძილზე საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებელ სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის, მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მოგვისმენია კრიტიკა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მეგობრებისგან და სტრატეგიული მოკავშირეებისგან... მაგრამ დღეს უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს ამერიკის კონგრესი“, - აცხადებს სამადაშვილი.

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის ქვეკომიტეტმა 6 ივლისს დაამტკიცა საბიუჯეტო კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების შესაძლო შემცირებას გულისხმობს. ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად სახელდება მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლასა თუ ბიზნესის მდგომარეობას უკავშირდება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბიუჯეტო კანონის მიხედვით საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 132 025 000 დოლარი. თუმცა ლაპარაკია ასევე, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გამოსაყოფი თანხის 15% შესაძლოა არ იქნას გაცემული - „ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამოიკვლევს და არ მოახსენებს ასიგნებების კომიტეტს იმის შესახებ, რომ მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ოპოზიციის შეფასებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ კონგრესს არანაირი დოკუმენტი არ დაუმტკიცებია. ხელისუფლების შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს, თავისი წინასაარჩევნო კამპანია სიცრუეზე ააგოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG