Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროდუქტებში საღებავ Sudan-ის არსებობას საქართველოში წელსაც შეისწავლიან


სურსათის ეროვნული სააგენტო, წინა წლების მსგავსად, თევზისა და სურსათის სხვა პროდუქტებში მავნე ნივთიერებების არსებობას შეისწავლის. სააგენტო მომსახურების შეძენას ლატვიური კომპანიისგან აპირებს და ჯამში 32 898 ევროს გადაიხდის.

"ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი ლაბორატორიები ვერ გვთავაზობენ აღნიშნულ მომსახურებას უცხოური, ქვეკონტრაქტორი ლაბორატორიების მეშვეობითაც", - აღნიშნავს სურსათის სააგენტო შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

ამ თანხით დეკემბრამდე კვლევა ჩატარდება თევზის 30 ნიმუშზე და შეისწავლიან ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენების შემცველობას. გარდა ამისა, კვლევა ჩაუტარდება სხვადასხვა სასურსათო პროდუქტს, ჯამში 34 ნიმუშს და ისინი შემოწმდება შემდეგ საღებავებზე: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red 7n და Para Red.

„სუდან 1” არის არასაკვები საღებავი, რომელიც აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადებისთვის გამოიყენება.

ის წითელი შეფერილობისაა და მახასიათებლებში მითითებულია, რომ საკვებში გამოყენება დაუშვებელია. მიზეზად კი სახელდება ის, რომ „ადამიანის დნმ-ზე ახდენს პირდაპირ გავლენას. აქვე აღნიშნულია, რომ ცხოველებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, „სუდან 1“ კიბოს გამომწვევ ნივთიერებად არის მიჩნეული.

ევროკავშირის ბაზარზე საღებავი „სუდან 1” 15 წლის წინ წიწაკისგან დამზადებულ სოუსებში აღმოაჩინეს. მაშინ პროდუქცია მთლიანად გაიტანეს ბაზრიდან. ამას მოჰყვა ბაზარზე კონტროლის გამკაცრება და კანონმდებლობის დახვეწაც, რათა საღებავი საკვებ პროდუქტებში არ მოხვედრილიყო.

2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების სამ პარტიაში საღებავი „სუდანი“ გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG