Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავის საკრებულოს წევრი დააკავეს ოჯახის წევრებზე მუქარისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით


პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა თელავის საკრებულოს წევრი მიხეილ გრემელაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, გრემელაშვილი საკუთარ სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლსა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.

გამოძიების ცნობით, სამართალდამცველებმა, გრემელაშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

ინფორმაცია გრემელაშვილის მიერ შვილებზე ძალადობის შესახებ, მისმა ნათესავმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. პოსტში ნათქვამია, რომ „ცოლ-შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება“.

დაკავებამდე გრემელაშვილი გამოეხმაურა მის შესახებ დაწერილ პოსტს. „მოგესალმებით მეგობრებო. მოკრძალებით გთხოვთ, მიუტევოთ ჩემს ნაც დაიკოს რომ სულმთლად გაგიჟდა. ძალიან მიყვარს მაინც და მის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს", - დაწერა მან.

მიხეილ გრემელაშვილი „ქართული ოცნების" დეპუტატია თელავის საკრებულოში 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG