Accessibility links

რუსეთში დაკავებულია მკვლელობების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გუბერნატორი


სერგეი ფურგალი

რუსეთში დააკავეს ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორი სერგეი ფურგალი. ის ეჭვმიტანილია მკვლელობების ორგანიზებაში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ფურგალს უახლოეს ხანში წარედგინება ოფიციალური ბრალდება, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავენ ფურგალისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საქმე ეხება 2004 და 2005 წლებში, ხაბაროვსკსა და ამურის ოლქში ბიზნესმენების, ევგენი ზორიას და ოლეგ ბულატოვის მკვლელობას და ბიზნესმენ ალექსანდრ სმოლსკიზე თავდასხმას. ამ პერიოდში სერგეი ფურგალი, რომელიც ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, ხაბაროვსკის მხარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი იყო.

გუბერნატორამდე სამართალდამცავებმა დააკავეს 4 პირი, რომლებიც ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრებად ითვლებიან.

სერგეი ფურგალი ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორად 2018 წელს აირჩიეს.

რუსეთში უკვე საუბრობენ, რომ ფურგალის დაკავება შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს. ამ მოსაზრების მომხრეები ხაზს უსვამენ, რომ ხაბაროვსკის მხარეში ფურგალი გაცილებით პოპუალრულია, ვიდრე თავად პრეზიდენტი პუტინი.

ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის ხაბაროვსკის შტაბის ხელმძღვანელი ალექსეი ვორსინი გუბერნატორის დაკავებას უკავშირებს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის დროს ადგილობრივი ამომრჩევლების დაბალ აქტივობას. ვორსინის განცხადებით, სულ მცირე უცნაურია, რომ სერგეი ფურგალი, რომელიც დიდი ხანია სახელმწიფო სამსახურშია, სწორედ ახლა დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG