Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: „ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება"


საქართველოს საპატრიარქო სტამბოლის აია სოფიას ტაძრის სტატუსის შესაძლო შეცვლის საკითხს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ფიქრობს, რომ ბრძნული ნაბიჯი აია სოფიას კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დატოვება იქნებოდა. საქართველოს საპატრიარქო განცხადებაში ამბობს, რომ პატივს სცემს თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და იმედოვნებს, რომ აია სოფიას სტატუსთან დაკავშირებით გამოთქმული მისი პოზიცია თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევად არ იქნება აღქმული:

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თვალყურს ადევნებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აია-სოფიას, რომელიც აშენდა როგორც გამორჩეული ქრისტიანული ტაძარი და ამ სახით ფუნქციონირებდა თითქმის 1000 წლის მანძილზე, შესაძლოა, სტატუსი შეეცვალოს.

ცნობილია ისიც, რომ თურქეთის მხარის ეს განაცხადი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა, ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას; ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.

პატივს ვცემთ რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად.

იმედი გვაქვს, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები კვლავაც გაღრმავდება, რაც ფრიად სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისათვის", - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სტამბოლის აია სოფიას ტაძარი შეიძლება თუ არა გადაკეთდეს მეჩეთად.

ბიზანტიის იმპერატორის, იუსტინიანე I-ის ბრძანებით 532-537 წლებში აგებული აია სოფია (წმინდა სიბრძნე) საქრისტიანოში უდიდეს ტაძარს წარმოადგენდა თითქმის ათასწლეულის განმავლობაში.

ოსმალების მიერ 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ის მეჩეთად გადააკეთეს.

1934 წლის დეკრეტით მისი სტატუსი შეიცვალა და მუზეუმად გადაკეთდა. ტაძარი ამჟამად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაშია.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანი შარშან წინასაარჩევნო მიტინგზე გამოვიდა მისი კვლავ მეჩეთად გადაკეთების მოწოდებით.

თურქეთში ბევრს მიაჩნია, რომ აია სოფიას ახლანდელი სტატუსი წარმოადგენს ქვეყნის სეკულარული კონსტიტუციის სიმბოლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG